დღეს, მსოფლიო კინოს ლეგენდა მარტინ სკორსეზე იუბილარია. ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი 70 წლის გახდა. იუბილეს სკორსეზე ვიწრო წრეში, საყვარელ მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოსა და მეხუთე მეუღლესთან ჰელენ მორისთან ერთად აღნიშნავს.
სკორსეზე 1942 წლის 17 ნოემბერს, ნიუ-იორკში კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. ოსკაროსანი რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „ელიზაბეტ სტრიტზე, ნომერ 232 სახლში გავიზარდე. იქ ადამიანები ერთი სიცილიური ქალაქიდან ჩამოდიოდნენ, ასე რომ, მალე ის პატარა კირმინად იქცა - ასეთი ქალაქია პალერმოსთან ახლოს, საიდანაც იყო წარმოშობით დედაჩემის დედა. ქუჩის იქით კი N241 სახლი იდგა, და იქაც იგივე ხდებოდა, ოღონდ ხალხი პულიციდან ჩამოდიოდა - ისეც პალერმოს შორიახლოს მდებარეობს, ოღონდ უფრო მაღლა, მთებში. იქიდან მამაჩემის მამა იყო. ეს ორი სახლი ერთმანეთის პირდაპირ იდგა, მაგრამ დედა ყვებოდა, რომ როცა მამაჩემი გაიცნო, მათ პრობლემა ჰქონდათ: ისინი სხვადასხვა ეროვნებისანი იყვნენ. სწორედ ასე თქვა: "სხვადასხვა ეროვნებისაო", თუმცა ისინი უბრალოდ სხვადასხვა სოფლიდან იყვნენ“.
1966 წელს სკორსეზე ნიუ-იორკის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მან იქ სწავლის პერიოდშივე გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებსაც კინოკრიტიკოსებმა საკმაოდ დადებითი შეფასებები მისცეს.
სკორსეზეს ფილმოგრაფიაშია ფილმები: „ტაქსისტი“, „ავიატორი“, „ორგმაგი თამაში“ , „შიშის კუნძული“, „დროის დარაჯები“, „შეშლილთა კუნძული“, „რისტეს უკანასკნელი ცდუნება“, „The Rolling Stones“ და ა.შ.მისი საყვარელი მსახიობები რობერტ დე ნირო და ლეონარდო დიკაპრიო არიან.
სკორსეზეს ფილმებში მონაწილეობისათვის 17-მა ვარსკვლავმა დაიმსახურა ოსკარის ნომინაცია. ესენი არიან: ჯოდი ფოსტერი, რობერტ დე ნირო, ჯო პესკი, ლეონარდო დიკაპრიო, დენიელ დეი-ლუისი, ქეით ბლანშეტი, ვაინონა რაიდერი, ელენ ბერსტინი, შერონ სტოუნი, დეიენ ლედი, კეტი მორიერტი, ჯულიეტ ლუისი, ლორენ ბრაკო, პოლ ნიუმანი, მერი ელიზაბეტ მასტრანტონიო, ალან ალდა და მარკ უოლბერგი. აქედან ხუთს (ბერსტინი, დე ნირო, ნიუმანი, პესკი, ბლანშეტი) ხვდა პატივი „ოსკარის“ საოცნებო ოქროს ქანდაკება მიეღო.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თავად რეჟისორს მხოლოდ ერთი „ოსკარი“ 2007 წელს აქვს მიღებული, ფილმისთვის „განდგომილები“.
მიუხედავად ამისა, სკორსეზე თამამად შეგვიძლია კინემატოგრაფიის ისტორიაში, ყველა დორის, ერთ-ერთ, უდიდეს რეჟისორად დავასახელოთ.
რეჟისორი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს „რასაკვირველია, სასიამოვნოა, როცა საკუთარ თავზე კითხულობ, რომ უდიდესი ხარ ცოცხალ ამერიკელ რეჟისორთა შორის, მაგრამ ვისწავლე, რომ ეს სერიოზულად არ აღვიქვა. არ შეიძლება ძალიან ქედმაღალი იყო, როცა ყველაფერი უკვე ხელიდან გივარდება. ხოლო თუ კინოზე ვისაუბრებთ, მაშინ უამრავი ადამიანია, რომლებიც შესანიშნავ ფილმებს იღებენ: სტივენ სპილბერგი, ფრენსის კოპოლა, ბერნარდო ბერტოლუჩი, დევიდ კრონენბერგი, ვუდი ალენი, რობერტ ოლტმანი, სპაიკ ლი, ჩარლზ ბერნეტი, ოლივერ სტოუნი. კიდევ არსებობს ჩინური კინო! დრო გადის, ვბერდები და ვამჩნევ, რომ მჭირდება უბრალოდ სიწყნარეში დავჯდე და ვიფიქრო."