თბილისის ვიცე-მერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს.
ხიზანიშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ხიზანიშვილი, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილითაც წაუყენეს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას ითვალისწინებს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე.
„შოთა ხიზანიშვილს ბრალდება წარედგინა ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით ორი მუხლით. ესაა ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონო გავრცელება და ამით თანამდებობრივი უფლებამოსილებას გადამეტება. ჩანაწერის მოპოვებასთან და სურმავასთან კავშირი მას არ ჰქონია, ბრალდება ამას არ ედავება. უბრალოდ, მან ჩანაწერი, რაც გაკეთდა ინტერნეტის მეშვეობით რატომ გაავრცელაო. ხიზანიშვილი ბრალს არ აღიარებს. ის როგორც ადმინისტრაციის უფროსი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრესსსამსახურს კურატორობდა და უბრალოდ, თავის მოვალეობას ასრულებდა“, - განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.