მამუკა ნოზაძე: სამწუხაროდ, ზოგიერთი ხელმძღვანელი თანამდებობებზე ოდიოზურ პიროვნებებს ნიშნავს

მამუკა ნოზაძე: სამწუხაროდ, ზოგიერთი ხელმძღვანელი თანამდებობებზე ოდიოზურ პიროვნებებს ნიშნავს

ადვოკატ მამუკა ნოზაძის ინფორმაციით, არასრულწლოვანთა კოლონიის დირექტორად ტატო ქელბაქიანი ინიშნება.

შესაბამისად, მისი თქმით, ის ამ საკადრო ცვლილებით აღშფოთებულია და აცხადებს, რომ ტატო ქელბაქიანი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის დავით ჭაკუას მრჩეველი და ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი იყო.

ნოზაძის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებები სწორედ, ქელბაქიანის თვალწინ ხდებოდა და აღნიშნავს, რომ იმ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობებთან დაკავშირებით, მას არასოდეს პროტესტი არ გამოუხატავს .

ადვოკატის განმარტებით, ტატო ქელბაქიანი ამზადებდა დოკუმენტაციას იმ პირთა თაობაზე, რომელთა საქმეები ევროპულ სასამართლოში იხილებოდა , იყო კოორდინაციაში პროკურატურასთან და სწორედ, მისი დავალებით, ხორციელდებოდა ზეწოლა ამა თუ იმ პატიმარზე, რომ ევროპულ სასამართლოში მათი საქმეების განხილვის გაგრძელებაზე უარი ეთქვათ.

"ანუ უშუალოდ, ტატო ქელბაქიანს ევროპული სასამართლო შეცდომაში შეჰყავდა ", - აცხადებს ნოზაძე.

მისივე თქმით, ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში, ქელბაქიანი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე იყო, რომელიც პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებს ყოველთვის მიკერძოებულად იხილავდა.

"ბატონი ქელბაქიანი ავადმყოფ პატიმრების მიმართაც კი არ ავრცელებდა არანაირ შეღავათს, თუ ეს  "ნაციონალური მოძრაობის" ნება-სურვილი არ იქნებოდა. აქედანაც ჩანს, რომ ამ პიროვნებას გარდა პროფესიონალიზმისა ბევრი რამ აკლია. ის არ ითვალისწინებდა ადამიანურ ფაქტორებს და გამუდმებით ხელისუფლების დაკვეთას ასრულდებოდა . ასევე ბევრმა პატიმარმა, რომელმაც ვერ გაუძლო იმ არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და ფსიქოლოგიურ ზეწოლებს , რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა, ევრო სასამართლოში სარჩელის შემდგომ განხილვის გაგრძელებაზე უარი განაცხადა", - განაცხადა ნოზაძემ.

ადვოკატის განცხადებით, დღეს ამ კადრის დანიშვნა არასრულწლოვანთა დაწესებულების ხელმძღვანელად, ან ნებისმიერ თანამდებობაზე საზოგადოების შეურაცხყოფა და იმ ღირებულებების უგულებელყოფაა , რაზეც ახალი ხელისუფლება აპელირებს .

"ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა გარკვეულ პირებს ნდობა გამოუცხადა და სამწუხაროდ, ზოგიერთი ხელმძღვანელი პირი სუბიექტური თვალსაზრისით იღებს გადაწყვეტილებებს და თანამდებობებზე ოდიოზურ პიროვნებებს ნიშნავს. ეს არ ეხება მხოლოდ სასჯელაღსრულების სფეროს, მაგალითად მთავარ პროკურატურაში აბსოლუტურად ძველი კადრებია დანიშნული. კონკურსი გამოცხადდა ასეულობით ადამიანმა შეიტანა cv და ფაქტიურად, ეს ადამიანები ყველა მოატყუეს. იქ არცერთი ახალი კადრი არ დანიშნულა. აუცილებელია, ახალმა ხელისუფლებამ აღნიშნულზე ყურადღება გაამახვილოს, რადგან კადრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საზოგადოებაში ამ კადრების მიმართ, დიდი იმედგაცრუებაა", - განაცხადა ნოზაძემ.