ამერიკულ კინოეკრანებზე, ბრიტანელი რეჟისორის ჯო რაიტის ფილმის „ანა კარენინას“ პრემიერა გაიმართა, ფილმი ცნობილი რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის იგივე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაიღებული და მასში მთავარ როლს ბრიტანელი მსახიობი კირა ნაითლი ასრულებს.
ჟურნალისტებთან საუბარში კირა გამოტყდა, რომ მისთვის საკმაოდ რთული იყო ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება - დღემდე ანა კარენინას როლი ისეთმა დიდებულმა მსახიობებმა შეასრულეს, როგორებიც გრეტა გარბო, სოფი მარსო, ლეა მასარი, ჟაკლინ ბისეტი და ვივიენ ლი იყვნენ.
„ჩემთვის ძალიან რთული იყო ანა კარენინას როლის შესრულება. ის არაერთხელ გაცოცხლებულა ეკრანებზე და ყოველ ჯერზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცეულა. მისი ახლებურად აღქმა და თამაში საპასუხისმგებლო საქმე იყო, ამიტომ ვცდილობდი ჩემი გმირის ახალი სახის შექმნაში განსაკუთრებით ფრთხილი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, სუსტი სქესის წარმომადგენლებს არ სურთ მას გავდნენ, ვინაიდან ამ პერსონაჟის ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკულია. ამასთან, მკითხველები მოჯადოვებულნი არიან მისით. მე მას პირველად 20 წლის ასაკში გავეცანი. მაშინ ჩავთვალე, რომ ანა აბსოლუტურად უდანაშაულო იყო. ეს ყველაფერი მხოლოდ სიყვარულის დიდებული ისტორია მეგონა. თუმცა, უკვე გადაღებების წინ რომანის გადაკითხვამ ჩემში სხვაგვარი გაოცება გამოიწვია: ამჯერად ანას ისტორია საზარელი მეჩვენა, ისევე როგორ თავად ეს პერსონაჟი. კონკრეტული ნაწყვეტების კითხვისას ვფიქრობდი: „ტოლსტოი ვერ იტანდა ანა კარენინას", - აღნიშნა მსახიობმა.
1914 წლიდან მოყოლებული დღემდე რომანის 11 ეკრანიზაციაა გადაღებული. წიგნის ბოლო ადაპტაცია 1997 წელს ამერიკელმა ბერნანდ როუზმა გადაიღო და მასში მთავარი როლი სოფი მარსომ ითამაშა.
ფილმის რეჟისორის 40 წლის ჯო რაიტისთვის ეს მე–5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. კინოკრიტიკოსების ყურადღება მან პირველივე ფილმით, ჯეინ ოსტინის ნოველის „ სიამაყე და ცრურწმენის“ ეკრანიზაციით მიიქცია. მაშინ რაითი ბრიტანეთში წლის რეჟისორად დაასახელეს. თუმცა, მის შემდგომ ფილმებს განსაკუთრებული ინტერესი არ მოჰყოლია.
ფილმში კირა ნაითლის პარტნიორობას ჯუდ ლოუ უწევს (ალექსეი). ასევე მონაწილეობენ მსახიობები აარონ ტეილორ-ჯონსონი, ემილი უოტსონი, მეთიუ მაკფედი და ა.შ. სცენარის ავტორია ცნობილი ბრიტანელი დრამატურგი, კინოსცენარისტი, რეჟისორი და კინოკრიტიკოსი ტომ სტოპპარდი. ფილმის გადაღებები, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობდა.
ფილმის ლონდონური პრემიერა 7 სექტემბერს შედგა. თავად, ტოლსტოის სამშობლოში კი, „ანა კარენინას“ პრემიერა 2013 წლის 10იანვარსაა დაგეგმილი. „ანა კარენინას” ჩვენებაზე ქართული კინოთეატრებიში ჯერჯეობით არ საუბრობენ.