საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ საგანს რუსეთის თემა წარმოადგენდა.
ფანჯიკიძის თქმით, შეხვედრას რუსეთთან ურთიერთთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ესწრებოდა და აღნიშნა, რომ მათ ფილიპ გორდონს აუხსნეს, თუ რას ნიშნავს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა.
„როგორი იყო მის დანიშვნაზე რეაქციები მოსკოვიდან და ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ეს მეორე არხი, რომელიც გვინდა რუსეთთან ურთიერთობისთვის გავხსნათ, არავითარ შემთხევვაში არ ნიშნავს იმას, რომ ჟენევის პროცესი შეიცვლება, ან მას რაიმე საფრთხე ემუქრება“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეხვედრას ქართველ დიპლომატებთან ერთად საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი საქართველოში 15 ნოემბერს ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
არ არის გამორიცხული, დღესვე ფილიპ გორდონი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდეს.