ელენე თევდორაძე: არ ვიცი, რამდენი პატიმარი იქნება შეწყალებული გიორგობისთვის

ელენე თევდორაძე: არ ვიცი, რამდენი პატიმარი იქნება შეწყალებული გიორგობისთვის

პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, ცნობილი არ  არის, რამდენი პატიმარი იქნება შეწყალებული გიორგობისთვის, თუმცა, შეწყალებას 1000-ზე მეტი პატიმარი ითხოვს.

„უახლოეს დღეებში დაინიშნება სხდომა, განცხადებები ბევრია და მათ საფუძვლიან განხილვას დიდი დრო სჭირდება. თუმცა ჩვენ ყოველდღიურად მაინც ვიკრიბებით და თითოეულ განცხადებას ინდივიდუალურად ვიხილავთ - გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ პრეზიდენტს მოასწროს ხელისმოწერა და ეს მსჯავრდებულები 23 ნოემბერს ოჯახებს დაუბრუნდნენ“,-აცხადებს ელენე თევდორაძე გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ელენე თევდორაძის განცხადებით, შეწყალების კომისიის წევრები ისევ ისეთი კატეგორიულები არიან მძიმე დანაშაულებების მიმართ, შეწყალებისას კი ყურადღება ასევე ექცევა პატიმრის მიერ უკვე მოხდილი სასჯელის ვადას. 

„ძირითადად ყურადღება ექცევა იმას, პატიმარს სასჯელის ნახევარი თუ აქვს მოხდილი, თუ არა და კარგ დახასიათებას. ძალიან კატეგორიულები ვართ მძიმე დანაშაულებთან მიმართებაში - ანუ მკვლელობა, ყაჩაღობა, ქურდობა, გაუპატიურება, ტრეფიკინგი, ნარკოტიკების გასაღება, დაკავებისას პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობა და ა.შ“,-აღნიშნავს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე.