ალექსი პეტრიაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

ალექსი პეტრიაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი  თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს, სადაც ენერგო და ეკონომიკურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ატლანტიკური საბჭოს მიწვევით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის რესპუბლიკის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან და მთავარ მომლაპარაკებელთან ეგემენ ბაგისთან და ბულგარეთის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მინისტრთან დელიან დობრევთან.

შეხვედრებზე მხარეებმა  ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის პროგრესი განიხილეს.

საუბარი, ასევე,  შეეხო ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოების საკითხებს.

შეხვედრებზე ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა უცვლელია და ურყევად განაგრძობს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ.

„საქართველოს საბოლოო ადგილია ნატო-სა და ევროკავშირში და  საქართველო მიზანმიმართულად გააგრძელებს ინტეგრაციის პროცესს ორივე მიმართულებით“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

 სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში ბრიუსელში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე აუცილებლად აისახება ის პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემის თვალსაზრისით.

ამასთან დაკავშირებით,  შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ახალი მთავრობის რეალისტურ მოლოდინებს.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხებიც. სახელმწიფო მინისტრმა  ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს.

ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრებზე თურქეთისა და ბულგარეთის მხარეებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკაში ქმედითი თანადგომისათვის.

ამასთანავე, ისაუბრა საქართველო-რუსეთის  ურთიერთობის ნორმალიზების მნიშვნელობაზე. შეხვედრებზე  ყურადღება გაამახვილდა საქართველოს ენერგო, ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალზე და მხარეებმა ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნაზე ისაუბრეს.