მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში გადაცემა „მთავარ კითხვაში“ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოდგილეს დათა ახალაიას შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი პროკურატურა მას ბრალს დაუსწრებლად 19 ნოემბერს წაუყენებს.
„საუბარია დათა ახალაიას კავშირზე იმ ეპიზოდებთან, რომელიც ცნობილი გახდა. კერძოდ, აქ საუბარია იმაზე, რომ მისი დავალებით მოხდა იმ კომპიუტერული ვირუსული პროგრამის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდებოდა სხვადასხვა ინტერნეტმომხმარებლის კომპუტერში შეღწევა და მოსმენა. ამ მიზნით ადამიანთა ჯგუფი მუშაობდა, არასანქცირებულად ასეთ ჩანაწერებს აგროვებდა და შემდეგ მას დათა ახალაიას წარუდგენდა. ეს არის ერთ-ერთ დანაშაული, რომელიც მის მიერ იქნა ჩადენილი. ასევე მისი კავშირი სხვა ეპიზოდებთანაც იკვეთება. კერძოდ, სურმავას გადმობირებასა და მისთვის თავისუფლების აღკვეთასთან. ამასთან დაკავშირებით დათა ახალაიასთავის დაუსწრებლად ალბათ, ორშაბათისთვის პროკურატურის მიერ ბრალი იქნება წაყენებული“,- განაცხადა კბილაშვილმა.
კბილაშვილის განმარტებით, როდესაც პირი საქართველოში არ იმყოფება, მაშინ მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ამის შემდეგ სასამართლოს მიემართება აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურატურის მიერ ინტერპოლით საძიებ პირთა ქსელში ჩაირთვება და ასეთი პირის ძებნა ინტერპოლის მიერ მოხდება.