შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სოდ-ისა და კუდ-ის დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სხდომა 11:00 საათზე დაიწყო. პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აღმკვეთი ღონისძიება ერთდროულად შეეფარდება.
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პროკურატურა დაკავებულთა ნაწილის მიმართ პატიმრობას, ნაწილის მიმართ კი, გირაოს მოითხოვს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-ს ყოფილი და მოქმედი 12 მაღალჩინოსანი 15 ნოემბერს დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე.
ლევან ქარდავას ბრალი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციების უკანონოდ გამოყენებაში ედება. გიორგი ყავლაშვილს კი - სხვისი ქონების დაზიანებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებში.
მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე 2012 წლის 15 ნოემბერს დაკავებულ იქნენ შემდეგი პირები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა;
2. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი;
3. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი;
4. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილე ზაალ მაისურაძე;
5. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე;
6. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი;
7. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი;
8. შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია;
9. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე;
10. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე;
11. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი;
12. კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.
ამასთან, დაკავებულთაგან ორ პირს - შოთა ხიზანიშვილსა და ვაჟა ლელუაშვილს აღმკვეთ ღონისძიებას ხვალ შეუფარდებენ. ბრალის ოფიციალური წარდგინება კი, კანონით განსაზღვრული ვადის მიხედვით, დღეს უნდა მოხდეს.
ხიზანიშვილი და ლელუაშვილი 15 ნოემბერს, ღამით, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.