ფილიპ გორდონი: ყველამ, ვისაც ჩაუდენია დანაშაული პასუხი აგოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ავირიდოთ შერჩევითი დევნა

ფილიპ გორდონი: ყველამ, ვისაც ჩაუდენია დანაშაული პასუხი აგოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ავირიდოთ შერჩევითი დევნა

ყველას უნდა კანონის უზენაესობა განხორციელდეს და ყველამ, ვისაც ჩაუდენია დანაშაული პასუხი აგოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ავირიდოთ შერჩევითი დევნა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა.

გარდა ამისა, ფილიპ გორდონმა პრემიერს არჩევნებში გამარჯვებაც მიულოცა.

„აღვნიშნე, როგორი აღფრთოვანებულები ვართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებით. ის, რომ შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული და მშვიდობიანი ძალაუფლების გადაცემა, არის დიდი ნაბიჯი ამ ქვეყნისთვის და მაგალითი რეგიონში და მის გარეთ. პრემიერმა ხაზი გაუსვა მის ინტერესს აშშ-სთან კარგი ურთიერთობის გაგრძელებაში და ამ პრიორიტეტს ჩვენ ვიზიარებთ. მე აღვნიშნე, რომ აშშ ერთგულია და დარჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისა, მისი ეკონომიკური განვითარებისა, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია და ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს" - განაცხადა გორდონმა.

მისივე თქმით, ივანიშვილთან შეხვედრაზე ხაზი ორი მხარის თანამშრომლობის აუცილებლობასაც გაუსვა.

„ვიცით, რომ ეს არ არის იოლი დაძაბული საარჩევნო კამპანიის შემდეგ. ჩვენც, აშშ-ში გვქონდა საარჩევნო კამპანია და ყოველთვის არ არის მარტივი პოლიტიკურ ოპონენტებთან მუშაობა, მაგრამ ეს აუცილებელია დემოკრატიისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ვილაპარაკეთ დაპატიმრებებსა და დაკავებებზე, რაც, როგორც ვიცი, მედიაში დღეს აქტიურად განიხილება. მე ხაზი გავუსვი, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყველას უნდა, კანონის უზენაესობა განხორციელდეს და ყველამ, ვისაც ჩაუდენია დანაშაული, პასუხი აგოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ავირიდოთ შერჩევითი დევნა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს რეპუტაციისთის და ასეთია გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ" - აღნიშნა გორდონმა.

მისივე თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვისაც.

„ვიცი, რომ ეს დიდ მსხვერპლს ითხოვს ამ ქვეყნისა და ჯარისგან, მაგრამ აშშ ძალიან მადლიერია ამისთვის" - განაცხადა გორდონმა.