„ნატახტარში“ მდინარეში ჩამდინარე წყლის ფილტრაციის თანამედროვე სისტემა ამუშავდა

„ნატახტარში“ მდინარეში ჩამდინარე წყლის ფილტრაციის თანამედროვე სისტემა ამუშავდა

კომპანია „ნატახტარმა“ ქარხანაში გამდინარე წყლის დამუშავებისა და ფილტრაციის გაუმჯობესებული და თანამედროვე სისტემა დანერგა. დაბა ნატახტარში მდებარე ქარხანაში ახალი სისტემის პრეზენტაცია და სპეციალური მედიატურიც გაიმართა. ჟურნალსიტებს დეტალებზე კომპანიის ტექნიკური დირექტორი, გიორგი ქოქიაშვილი ესაუბრა.

მან თანამედროვე ტექნოლოგიის უპირატესობებზე და ქარხანაში მოხმარებული წყლის ბუნებაში უკან გადინების დროს მისი დამუშავების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც საბოლოო ჯამში მდინარისა და გარემოს დაბინძურებისგან დაცვას ისახავს მიზნად.

პრეზენტაციის დღეს, კომპანია „ნატახტარის“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დაათვალიერებინეს შენობა, სადაც გამდინარე წყლის დამუშავებისა და ფილტრაციისთვის საჭირო მოწყობილობები და ლაბორატორიაა განთავსებული.

მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებს დეტალურად გააცნეს თითოეული ეტაპი, რომელიც ჩამდინარე წყლების მაქსიმალურ სისუფთავეს უზრუნველყოფს.

ცნობილია, რომ კომპანია „ნატახტარმა“ წყლის გამწმენდი თანამედროვე სისტემის დანერგვაზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. კონკრეტული პროექტის შემუშავების შემდეგ დაიწყო მშენებლობა. ჩამდინარე წყლის დამუშავებისა და ფილტრაციის სისტემის დამონტაჟებაში კომპანია „ნატახტარის“ პარტნიორი გერმანული კომპანია CUSS მონაწილეობდა, სწორედ მისი დახმარებით მოხდა ქარხანაში სისტემისთვის პროექტის შემუშავება, მათვე უზრუნველყვეს მოწყობილობები, მონტაჟი და სისტემის სისრულეში მოყვანა. CUSS წყლის გასუფთავების ინდუსტრიაში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა.

დღეისათვის კომპანია ნატახტარს აქვს წყლის დამუშავებისა და ფილტრაციის თანამედროვე სისტემა, რომელიც დამუშავების თანამედროვე, ევროპული და მსოფლიო სტანდარტებით უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების მაქსიმალურ სისუფთავეს.

აღნიშნული პროექტისთვის უკვე განხორციელდა 6 მილიონი ლარის ინვესტიცია. ამჟამად სისტემა ტესტირების რეჟიმში მუშაობს და უახლოეს მომავალში იგი სრული დატვირთვით შევა ექსპლუატაციაში.