„ლილუაშვილმა მოგცვა დავალება „ქართუ“ ჯგუფთან დაკავშირებული   ყველა   ელექტრო აპარატურა უნდა დაზიანებულიყო

„ლილუაშვილმა მოგცვა დავალება „ქართუ“ ჯგუფთან დაკავშირებული ყველა ელექტრო აპარატურა უნდა დაზიანებულიყო

მთავარი პროკურატურა დაკავებულ საჯარო მოხელეთა ჩვენებებს აქვეყნებს.

ჩვენების მიმცემ პირთა პირადი მონაცემები მითითებული არ არის. ამ დროისთვის, პროკურატურის ვებგვერდზე 2 ჩვენებაა გამოქვეყნებული.

ერთ-ერთი პირი ჩვენებაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესიკ სურმავასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრობს.

From.ge მის ჩვენებას უცვლელად გთავაზობთ:

„2003 წელს დავიწყე მუშაობა საქართველოს უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ თანამშრომლად. 2004 წელს გადავედი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში უფროს ოპერატიულ თანამშრომლად, რის შემდეგაც ვმუშაობ ამ დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2012 წლის ივნისის თვიდან დავინიშნე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსად და დღემდე მიჭირავს აღნიშნული თანამდებობა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის ლევან ქარდავა, რომელთანაც მაქვს ახლო მეგობრული ურთიერთობა. როდესაც ლევანი დაინიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, სწორედ მაშინ მეც დავინიშნე პირველი მთავარი სამმართველოს უფროსად.2012 წლის სექტემბრის თვის ბოლო რიცხვებში ვიმყოფებოდი ჩვეულებისამებრ სამსახურში. უკვე კარგა ხნის დაღამებული იყო, როდესაც მე ვიმყოფებოდი ჩემს სამუშაო ოთახში, რომელიღაც ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, რომ დეპარტამენტის უფროსი ლევან ქარდავა მეძახდა. ჩემი და ლევან ქარდავას სამუშაო ოთახები არის ორივენი მე-3 სართულზე და ერთმანეთისაგან დაშორებულია დაახლოებით 30 მეტრით. მე მაშინვე გავედი მასთან და ლევანი დამხვდა შესასვლელთან. იგი მელოდებოდა მე მისაღებში და თავისი ოთახის კარი დახურული ჰქონდა. აშკარად იგრძნობოდა, რომ ლევანთან ოთახში სხვა პირებიც იყვნენ, რადგან ასე რომ არ ყოფილიყო ლევანი პირდაპირ შემიყვანდა თავის ოთახში და არ დამხვდებოდა მისაღებში. მე ნამდვილად არ დამინახავს ოთახში თუ ვინ იმყოფებოდა, რადგან კარი იყო დახურული. ლევანმა მისაღებ ოთახში შეხვედრისთანავე მითხრა, რომ სასწრაფოდ სურდა ზაალ მაისურაძისა და ვახტანგ ბოჭორიშვილის ნახვა. ეს მითხრა თუ არა ქარდავა მაშინვე შებრუნდა ოთახში. მე არ ვიცი რა მიზნით სურდა ქარდავას შეხვედრა ბოჭორიშვილთან და მაისურაძესთან, მაგრამ მე ვალდებული ვიყავი ეს დავალება შემესრულებინა, ვინაიდან ხელმძღვანელისგან მქონდა მიღებული. მე ჩემი მობილური ტელეფონით ნომრით 5** ** ** ** დავუკავშირდი ზაალ მაისურაძეს ტელეფონის ნომერზე 5** ** ** ** და ასევე ვახტანგ (ბაჩო) ბოჭორიშვილს, ტელეფონის ნომერზე 5** ** ** **. მე ორივეს ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ სამსახურში, ვინაიდან ლევან ქარდავამ მოიკითხა ისინი და სურდა მათი ნახვა. დაახლოებით 15 წუთში მოვიდა ზაალ მაისურაძე, რომელმაც გააღო თავის სამუშაო ოთახი, რომელიც მდებარეობს ჩემი ოთახის წინ, შემდეგ შემოვიდა ჩემთან და მკითხა თუ რა ხდებოდა, მე ვუთხარი რომ არ ვიცოდი თუ რა ხდებოდა და შესულიყო ლევანთან. მაშინვე გაბრუნდა უკან მაისურაძე და შევიდა ლევანთან. იქედან როდის გამოვიდა ან რა დავალება მიიღო მაისურაძემ ჩემთვის უცნობია, ვინაიდან მე ვიყავი ჩემს ოთახში და იყო გვიანი ღამე. რაც შეეხება ბოჭორიშვილს იგი როდის მოვიდა ან რა დავალება მიიღო, ესეც ჩემთვის უცნობია. მოგახსენებთ, რომ ჩემთვის კონკრეტულად არ არის ცნობილი იმ დროს როდესაც ლევანმა მე დამიძახა თუ ვინ იყო მის ოთახში, რადგან როგორც ავღნიშნე ოთახში შესვლა მე არ მომიწია, ვინაიდან ლევანი კართან დამხვდა. როგორც მე ვვარაუდობ ქარდავასთან სტუმრად იყო შოთა ხიზანიშვილი, ვინაიდან შოთას ავტომანქანა იდგა ეზოში და დარწმუნებული ვიყავი, რომ შოთა იქნებოდაქარდავასთან. ამ რწმენას ისიც მიმყარებს, რომ რაც ბაჩო ახალაია წავიდა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან, ცოტა უნდობლობა გაჩნდა ლევანის მიმართ, რადგან ლევან ქარდავა სწორედ ბაჩო ახალაიას დანიშნული იყო. ვინაიდან უნდობლობამ იჩინა თავი, ამიტომ მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი ხშირად იყო ხოლმე ლევანთან. ჩემი აზრით იგი სწორედ ამ ხერხით ცდილობდა ქარდავას საქმიანობის კონტროლს.  ბესარიონ სურმავას, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი მე არ ვიცნობ, მასთან მე პირადად არანაირი სახის ოპერატიული ღონისძიება არ გამიტარებია და რაც მოხდა მე ამის შესახებ საერთოდ არაფერი არ ვიცოდი. არც ლევან ქარდავას, არც ვახტანგ ბოჭორიშვილს და არც ზაალ მაისურაძეს ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მე არანაირი შეხება არ მაქვს ოპერატიულ ტექნიკურ სამსახურთან (IT სამსახური) და მათი რაიმე კონკრეტული საქმიანობის შესახებ არაფერი არ ვიცი. ეს სამსახური პირდაპირ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დაქვემდებარებაში იყო და შესაბამისად ანგარიშვალდებულნიც მათ წინაშე იყვნენ.გ. უ. არის ჩემი თანამშრომელი, ჩემდამი დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოს ოფიცერი, ე.წ. ოდეერი, რომელსაც ევალებოდა შემოსავლების სამსახურში კერძოდ საბაჟოს მიმართულებით მოსალოდნელი დანაშაულის გამოვლენა აღკვეთა. იგი სამსახურებრივად არის ჩემს დაქვემდებარებაშო.საერთოდ ჩვენს მიერ ოქტომბრამდეც და მის შემდეგაც იყო მიცემული დავალება, რომ საბაჟოზე მკაცრად გაკონტროლებულიყო რაიმე მოსასმენი აპარატურის ან სხვა კანონსაწინააღმდეგო საგნების ან ნივთების შემოტანა, ხოლო მას შემდგომ რაც 2011 წლის 05 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნა გაკეთებული საყოველთაოდ ცნობილი პოლიტიკური განცხადება მისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, მე ჩემი უშუალო ხელმძღვანელისაგან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისაგან ვაჟა ლელუაშვილისაგან მივიღე დავალება, რომ ბ.ივანიშვილის სახელთან და „ქართუ“ ჯგუფთან დაკავშირებული ყველა ფირმის მიერ შემოტანილი ტვირთების შესახებ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ეცნობებინა ჩვენთვის. ამავე პერიოდში ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ ვაჟა ლელუაშვილის კაბინეტში შედგა თათბირი, რომელსაც ვესწრებოდით მე, გ.უ.ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი კოტარია და საბაჟოდან ორი ხელმძღვანელი პირი - ზ.ც და გ.ბ. თათბირზე ვ.ლილუაშვილმა მოგვცა ანალოგიური დავალება. ასევე გვითხრა, რომ ზემოაღნიშნული ფირმების შემოტანილი ელექტრო აპარატურა უნდა დაზიანებულიყო, რითაც დროში გაიწელებოდა ის პროცესები, რისთვისაც აღნიშნული აპარატურა იყო განკუთვნილი, კერძოდ: მიტინგებისა და აქციების გამართვისათვის, ტელევიზიის ამუშავებისათვის. თავიდანვე ვ.ლელუაშვილისაგან მითითება იყო, რომ ტექნიკა ისე უნდა დაგვეზიანებინა, რომ საბოლოოდ არ გამოსულიყო მწყობრიდან და შემდგომში შესაძლებელი ყოფილიყო მისი აღდგენა-შეკეთება. ტექნიკურად თუ როგორ უნდა მომხდარიყო ტექნიკის დაზიანება მე არ ვიცი.  ეს საკითხი დაევალა კოტარიას. შემდგომში როდესაც საბაჟოდან გ.უ-სთან მოდიოდა ინფორმაცია აღნიშნული ტვირთების საბაჟოზე შემოსვლის შესახებ, იგი საქმის ყურში მაყენებდა მე, მე ჩემი მხრივ ვახსენებდი ვ. ლელუაშვილს, ხოლო მისგან დადებითი პასუხის ანუ ტვირთის დაზიანების შესახებ მიღებული დავალების შემდგომ მე ვეუბნებოდი აღნიშნულზე გ.უ-ს, რომელიც თავის მხრივ თვითონ მიდიოდა ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტში და საბაჟოზე მიყავდა ის ოპერატიულ ტექნიკური თანამშრომელი, რომელიც იმ დღეს იყო მორიგე.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ იმ ოპერატიულ ტექნიკური თანამშრომლების გვარები რომელებიც გ.უ-ს მიყვებოდნენ საბაჟო ტერმინალზე ელექტრო ტექნიკის დასაზიანებლად, ჩემთვის უცნობია.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ თუ ვისგან მოდიოდა ზემოაღნიშნული დავალება ჩემთვის არ უთქვია ვაჟა ლელუაშვილს, მაგრამ ჩემთვის ცხადია, რომ იგი ამ დავალებას მიიღებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორისაგან - დ.ა-საგან, მაგრამ ცხადია, რომ ვერც დ.ა მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება როგორც წესი უფრო ზედა ეშელონებში.სულ რამდენჯერ მოხდა ჩვენს მიერ ზემოაღნიშნული ფირმების ელექტრო ტექნიკის დაზიანება არ მახსოვს. მაგრამ აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ 2012 წლის გაზაფხულიდან ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მას შემდეგ რაც ელექტრო ტექნიკის შემოტანა დაიწყო უკვე ამერიკულმა ფირმა „აპკო ვორლდვაიდ ინკორპოიტედის“ მიერ, და ქვეყანაში უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია ელექტრო ტექნიკის დაზიანების თემამ, მე და გ.უ-მ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორღაც შეგვეჩერებინა ეს პროცესები (ელექტრო ტექნიკის დაზიანება). რის შემდგომაც მე უშუალოდ აღნიშნული საკითხი შევუთანხმე იმ პერიოდისათვის ჩვენი დეპარტამენტის დირექტორს ლევან ქარდავას, რომელმაც იმ დღესვე დადებითად გადაწყვიტა აღნიშნული საკითხი და გვითხრა, რომ აღარ მომხდარიყო საბაჟოზე არც ტვირთების შეფერხება და არც დაზიანება“ - აღნიშნულია ჩვენებაში.