მსჯავრდებული ნიკოლოზ კვეზერელი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პრეზიდენტის შეწყალებაზე უარს აცხადებს.
აღნიშნულის შესახებ, ნიკოლოზ კვეზერელის დამ ნინო კვეზერელმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკოლოზ კვეზერელი პოლიტპატიმარია და არცერთ ორგანოს, მითუმეტეს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავდა.
„ჩვენ პრეზიდენტისთვის ნიკოლოზ კვეზერელის შეწყალების თხოვნით არ მიგვიმართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, მის სახელზე მოვიდა მომართვა, რომ შეწყალებას დათანხმებოდა. ნიკოლოზ კვეზერელი - ჩემი ძმა, ისევე, როგორც ჩემი მეუღლე შოთა აფხაიძე პოლიტპატიმრები არიან და არცერთ ორგანოს შეწყალებისთვის არ მიმართავდნენ, მითუმეტეს პრეზიდენტს“, - განუცხადა From.ge-ს ნინო კვეზერელმა.
რაც შეეხება, ნიკოლოზ კვეზერელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი განცხადებით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა წესრიგში არაა.
„მასზე მრავალჯერ განხორციელდა ზეწოლა. მისი დაკავების დროსაც, ადგილი ჰქონდა ფიზიკური ანგარიშსწორებას და ამან სერიოზული კვალი დატოვა“, - განაცხადა ნინო კვეზერელმა.
ცნობისთვის, პროკურატურის და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნიკოლოზ კვეზერელი 6 აგვისტოს დააკავეს.
გამოძიება კვეზერელს 2009 წელს კორეელი ინვესტორისათვის ჩელ ჰო პატისათვის თაღლითური გზით ფულისა და ავტომობილის გამოძალვაში ადანაშაულებს.
გამოძიების ინფორმაციით, კორეელ ინვესტორს კვეზერელმა ჯერ 10 000 დოლარი, შემდეგ 250 000 დოლარი, მოგვიანებით კი, 40 000 დოლარად შეფასებული „ინფინიტის“ მოდელის ავტომანქანა გამოსძალა.
კვეზერელმა ინვესტორს 10 000 დოლარი მისი კუთვნილი ნაკვეთის გასაყიდად მოწყობილი აუქციონის ჩაშლის სანაცვლოდ, 250 000 დოლარი კი, მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ გამოსძალა.
გამოძიების ცნობით, დაკავებისას ნიკოლოზ კვეზერელმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია.
კვეზერელი უშიშროების სამინისტროს ქვედანაყოფის „ომეგას“ მეთაურის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი სასჯელს იხდიდა 1995 წლის 29 აგვისტოს, ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის განხორციელების ბრალდებით და ის „მხედრიონის“ რამდენიმე წევრთან ერთად გაასამართლეს, თუმცა მოგვიანებით სასამართლომ კვეზერელს ტერაქტის ბრალდება მოუხსნა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ერთ-ერთი მოქალაქის გატაცების და მისთვის სხეულის დაზიანების ბრალდებით.
შეწყალებით ის საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საპარლამენტო არჩევნებში გურჯაანის რაიონში კენჭი იყარა და საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი იყო.