საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე თავის გერმანელ კოლეგას, გიდო ვესტერველეს შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ფანჯიკიძის განცხადებით, შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა და მათ ჰქონდათ საშუალება ყველა თემაზე ესაუბრათ.
„ჩვენ გვქონდა საშუალება ყველა თემაზე გველაპარაკა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისთვის და საქართველოს ურთიერთობებისთვის ევროკავშირთან და ნატო-სთან, სადაც, როგორც მოგეხსნებათ, გერმანიას, როგორც ერთ-ერთ დიდ ქვეყანას ევროპაში, ძალიან დიდი გავლენა აქვს. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, მრავალმხრივი ურთიერთობები. განსაკუთრებული აქცენტი რუსეთთან ურთიერთობის დაწყებაზე თუ გაუმჯობესებაზე გაკეთდა, რადგანაც გერმანიის უმაღლესი დონის დელეგაცია, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით დღეს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც მათ აქვთ უმაღლეს დონეზე კონსულტაციები. ამიტომ, ამ შეხვედრის წინ რუსეთის ხელმძღვანელობასთან გერმანელ კოლეგებს აინტერესებდათ, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ ურთიერთობების გამოსწორებას, რა სიგნალებია რუსეთიდან და როგორია საერთოდ შანსები. ჩვენ მათ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ და გერმანიამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ ურთიერთობებში დადებითი როლი ითამაშოს“,-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.