საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა აღნიშნა, რომ საუბრის ძირითადი თემა ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება იყო.
„ამერიკის შეერთებული შტატების გულწრფელი სურვილია საქართველოში მიმდინარე პროცესები გაგრძელდეს დემოკრატიულად და სამართლიანად. მე მოხარული ვარ, რომ ფილიპ გორდონი ხვდება უშიშროების საბჭოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ახალი მთავრობის წარმომადგენლებს, რათა კიდევ ერთხელ ყველასთან შეხვედრის შედეგად ჩამოაყალიბოს პოზიცია, რომ საქართველოს მომავალი არის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებაში“, - განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება ფილიპ გორდონს მან სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ უკომენტაროდ დატოვა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.