რუსეთის დუმა საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არის

რუსეთის დუმა საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არის

რუსეთის სახელმწიფო დუმის ინფორმაციული პოლიტიკის, ტექნოლოგიებისა და კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე მიტროფანოვის განცხადებით, საქართველომ და რუსეთმა საპარლამენტო ურთიერთობების აღდგენა  უკვე შეიძლება დაიწყონ.

„საპარლამენტო ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია, თუნდაც ხვალ დავიწყოთ, ამის არანაირი პრობლემა არ არსებობს“,-განაცხადა მიტროფანოვმა და აღნიშნა, რომ ეს ნელ-ნელა უნდა მოხდეს.

მიტროფანოვის განცხადებით, ჯერჯერობით უნდა მოხდეს გაყინული ადამიანური, ჰუმანიტარული, ეკონომიკური კავშირების აღდგენა, „შემდეგ კი უკვე პოლიტიკაზე ფიქრიც შეიძლება დავიწყოთ“,-აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე.

რუსეთის დუმის დსთ-ს და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარე რომან ხუდიაკოვი კი აცხადებს, რომ  რუსეთ-საქართველოს დიალოგის დრო უკვე დადგა,

„პირველ რიგში რა თქმა უნდა, საჭიროა პარლამენტებს შორის აღსდგეს ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ საქართველოში ნებისმიერ მომენტში ჩამოვიდეთ. ჩვენ აგრეთვე განვიხილავთ ჩვენი პატივცემული კოლეგების რუსეთის დუმაში მიწვევის საკითხსაც“,-აცხადებს ხუდიაკოვი.