გიგა გაჩეჩილაძე: შოთა აფხაიძე აცხადებს, რომ არის პოლიტპატიმარი და პრეზიდენტისგან  შეწყალებას არ მიიღებს

გიგა გაჩეჩილაძე: შოთა აფხაიძე აცხადებს, რომ არის პოლიტპატიმარი და პრეზიდენტისგან შეწყალებას არ მიიღებს

მსჯავრდებული შოთა აფხაიძე პრეზიდენტის შეწყალებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე უფლებადამცველმა გიგა გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შოთა აფხაიძე პოლიტპატიმარია, რომელიც ტელეკომპანია „კავკასიის“ პროვოცირებულ ინციდენტზე სხვა 8 პირთან ერთად დააკავეს.

„ამ დღეებში დაწესებულებაში შოთა აფხაიძის სახელზე მივიდა მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, შეწყალებაზე, რაზეც შოთა აფხაიძემ კატეგორიული უარი განცხადა. ის აცხადებს, რომ არის პოლიტპატიმარი და არანაირ შეწყალებას პრეზიდენტისგან არ მიიღებს. იგი საპარლამენტო კომისიის მუშაობის დასრულებას ელოდება“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შოთა აფხაიძეს 8-ე დაწესებულებაში ყოფნის დროს არაადამიანური მოპყრობის და წამების შედეგად, ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუუარესდა.

გაჩეჩილაძის თქმით, სხვა მძიმე დაავადებებთან ერთად, აფხაიძეს ონკოლოგიური დაავადებაა - საყლაპავ მილზე კისტოზური წარმონაქმნი და თიაქარი აწუხებს.

„2 თვის წინ მივმართეთ სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაეყვანათ სამოქალაქო და არა სასჯელაღსრულების სამკურნალო კლინიკაში, რადგან ის პირები, რომელთაც აფხაიძე წამებში ამხელს, ახლაც სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში რჩებიან და მკურნალობის დროს შესაძლოა სუბიექტურ მიდგომას ჰქონოდა ადგილი. ამ მოთხოვნიდან 2 თვე გავიდა, მაგრამ მას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. რამდენიმე დღის წინ მას შეტევა დაეწყო და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა, ჩაუტარდა მოკლევადიანი გამოკვლევები, დანიშნულება მიეცა და ისევ გადაიყვანეს #12 დაწესებულებაში“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ ექიმის მიერ მიცემული დანიშნულების შესრულება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარმოუდგენელია და აფხაიძეს სპეციფიკური მკურნალობა ესაჭიროება.

მისივე თქმით, ამის გათვალისწინებით, მათ ისევ მიმართეს სასჯელაღსრულების სამინისტროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა, როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, კომისიის სხდომის მიუხედავად, აფხაიძე ისევ დაწესებულებაში რჩება.

„შოთა აცხადებს, რომ იმ კომისიაში, რომელიც განიხილავს მსჯავრდებულების გათავისუფლებას, არიან ის პირები, ვინც უშუალოდ #8 საპყრობილეში პატიმართა წამებაში მონაწილეობდნენ. მან დღეს მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას და ითხოვს ჟურნალისტებთან შეხვედრას, რათა კონკრეტული სახელები და გვარები პირადად დაასახელოს“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება #12 დაწესებულების ახლანდელ ხელმძღვანელობას, აფხაიძე კმაყოფილია და მათგან მხარდაჭერასაც გრძნობს.