საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, ყოფილ მაღალჩინოსთა დაკავებები გრძელდება. დაკავებულთა ნაწილს, ბრალი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებულებს ბრალი დღეს ოფიციალურად წაეყენებათ, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს დაკავებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისთვის მიმართავს. კერძოდ, მთავარი პროკურატურა დაკავებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების ნაწილის მიმართ, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს და ნაწილის მიმართ კი გირაოს.
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე დაკავებების სერიას, პოლიტიკურ დევნად აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნის ეპოქა დასრულდა და მართლმსაჯულება იმის მიუხედავად, უნდა აღსრულდეს, ამ საქმეებს თუ ვინ რა სარჩულს დაუდებს. პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, From.ge უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, კობა დავითაშვილს ესაუბრა:
პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღლჩინოსნები დააკავა. როგორ აფასებთ დაკავებების პროცესს?
-შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავება და მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალი - გზავნილია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ახორციელებდა, დღესაც ახორციელებს და მომავალში დააპირებს პოლიტიკური დევნის განხორციელებას. საქართველოში პოლიტიკური დევნის ეპოქა დასრულდა. ამ მაღალჩინოსნების საქმე, ნადვილად ეხება პოლიტიკურ დევნას თავად იმ პირების მხრიდან ვინც დააკავეს. ეს ადამიანები ხელისუფლების დავალებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნას ახორციელებდნენ და ამისთვის მოსყიდვას, შანტაჟსა და უკანონო ფარულ ჩანაწერებს იყენებდნენ. ეს პოლიტიკური დევნის მთელი მანქანა იყო.
დაკავებების სერია ყოფილმა ძალოვანმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ გახსნა. უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკურ დაკავებებს აქვს ადგილი. თქვენი ოპონენტები დაკავებების თემით სპეკულირებენ?
-ახალაია პოლიტიკური დევნილი და საზოგადო მოღვაწე კი არ არის, არამედ იმ დამნაშავეთა სისტემის შემოქმედია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა და რომლის შედეგიც იყო - ადამიანების წამების, გაუპატიურებისა და ზეწოლის სისტემა და არა ცალკეული შემთხვევები. ამ ადამიანის პოლიტიკურ დევნილად წარმოსახვა იმდენად აბსურდული და არაპრაგმატულია, რომ ამაზე საუბარიც კი არ ღირს. „ნაციონალური მოძრაობა“ ახალაიასთან ასოცირდება, მაგრამ ეს მათთვის პოლიტიკურად მომაკვდინებელია. ამ პროცესს კი, მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს ახალაიას ჩვენებების ძალიან ეშინია და თავის ჩვეულ ისტერიულ სტილში უმცირესობას ეუბნება, რომ ხმაური ატეხონ, ციხეებთან ირბინონ და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართონ. როგორც ჩანს, სააკაშვილი თავის გუნდის წევრებს ასევე ეუბნება, რომ ბაჩოს თავი მიტოვებულად არ ვაგრძნობინოთ და მას ვუშველოთ, რომ ჩვენების მიცემის სურვილი არ გაუჩნდესო. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთელი ეს ვაგხანალია, სწორედ ამიტომ არის ატეხილი.
საუბარი იყო იმაზეც, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა თავისი უფლებასილების ვადის ამოწურვამდე, ბაჩო ახალაია შეიწყალოს. მიხეილ სააკაშვილი ახალაიას შეწყალების სანაცვლოდ, საკუთარ თავს საფრთხის წინაშე დააყენებს?
-იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ხდება, ალბათ დააყენებს, რადგან მას ახალაიას ჩვენებების ეშინია. თუმცა, არ მგონია, რომ ახალაიას პროცესი ასე სწრაფად, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დასრულდეს. ვინაიდან, საქმეში ძალიან ბევრი ეპიზოდია და ყველა გამოიძიებას ითხოვს, ამ საქმეების გამოძიებას პრაქტიკაში დაახლოებით ნახევარი წელი ან ერთი წელი სჭირდება.
გუშინ, სვიმონ მასხარაშვილმა ბაჩო ახალაიას ცოტნე დადიანი უწოდა. ყოფილი ძალოვანი მინისტრის მიმართ მსგავსი ეპიტეთების გამოყენება, საზოგადოებას უფრო ხომ არ აღიზიანებს?
-სვიმონ მასხარაშვილის მხრიდან ეს შეფასება - მასხარაობა იყო.
თქვენი ვარაუდით, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებების სერია გაგრძელდება?
-ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ მართლმსაჯულება იმის მიუხედავად, უნდა აღსრულდეს ამ საქმეებს, თუ ვინ რა სარჩულს დაუდებს. უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და სამართლიანი პროცესები უნდა ჩატარდეს. არ მგონია, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება მასობრივად მოხდეს, მაგრამ ადამიანები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მე აღკვეთ ღონისძიებად გირაოს სახეს გამოვიყენებდი. იმიტომ, რომ საკანში ყოფნა, ეს ჩემი თვითმიზანი არ არის.
დაპატიმრების შემდეგ, ახალაია გლდანის ციხეში მოათავსეს, საიდანაც ის მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ ფაქტს, ოპონენტები აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ამ დაწესებულებაში ახალაიას ყოფნა საფრთხის შემცველია. . .
-რატომ არ ეკითხებით ოპონენტებს იმას, ამ დაწესებულებაში ირაკლი ოქრუაშვილი რატომ მოათავსეს? ეს ციხე იყო თუ არა ოქრუაშვილისთვის საფრთხის შემცველი? თუ იყო, მაშინ ეს საფრთხე მას ახალაიამ ხომ არ შეუქმნა და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ახალაიას საქმეს ეს ახალი ეპიზოდიც დაემატება? მისი დაჟინებული მოთხოვნაა, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანონ, თუმცა, ეს ალბათ იმას უკავშირდება, რომ მას ბადრაგის ყოფილ თანამშრომლებთან ჩვენებების შეთანხმება სურს.
ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების ფაქტი ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკრიტიკა. მაშინ, როდესაც საქართველოში ადამიანის უფლებები მართლაც ირღვეოდა და პოლიტდაკავებებს ადგილი ჰქონდა, მსოფლიო ლიდერები მსგავსი ტიპის განცხადებებს რატომ არ აკეთებდნენ? რატომ გამკაცრდა რასმუსენის ტონი?
-წლების განმავლობაში, ლობისტების დახმარებით, სააკაშვილი და მისი გუნდი მსოფლიოს არწმუნებდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია შენდებოდა და საქართველო ის სახემლწიფო იყო, რომელიც ნატოს წევრობის ღირსი იყო. ეს კი ბევრმა ადამიანმა დაიჯერა და დღეს, ეს ადამიანები ძალიან უხერხულ ვითარებაში არიან. ეს ხალხი მიხვდა, რომ იმ ადამიანებს ართმევდნენ ხელს, რომელთა მეშვეობითაც, ქვეყანაში წამების, ცემისა და გაუპატიურების სახელმწიფო მანქანა შეიქმნა. მათ ოპონენტები ჰყავთ, რომლებიც კითხვებს სვამენ - ეს არის პიკასოს ბიჭი, რომელიც ამით ერთობოდაო? ეს არის დემოკრატიის შუქურაო? ამ ქვეყნების ლიდერები ახალაის კი არ იცავენ, არამედ საკუთარ თავს. მათი ადამიანურად მესმის, მაგრამ მათი მხრიდან საკუთარი თავის დაცვა, ქართულ მართლმსაჯულებას ვერ შეაჩერებს.