"ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს 2006 წლის 26 მარტს ორთაჭალის ციხეში მომხდარი ე. წ. ციხის ბუნტის ობიექტურ, მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართავს.
აღნიშნულის შესახებ, განცხადებას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.
„ე. წ. ციხის ბუნტის ჩასახშობად მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა სასტიკი მეთოდები. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია რამდენიმე პატიმარი (სახელდება სხვადასხვა რაოდენობა). მიუხედავად ამისა, აქამდე არ არის გამოძიებული, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება და ყველაზე მთავარი - ობიექტურად არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია პატიმრების ამბოხება. შესაბამისად, არ დასმულა პენიტენციალური სისტემის მაშინდელი ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი“, - ნათქვამია განცხადებაში.