გია ნოდია: გარკვეული  ეჭვები არსებობს, რომ ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიმართ, ზედმეტად ანგარიშსწორებითაა გატაცებული

გია ნოდია: გარკვეული ეჭვები არსებობს, რომ ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიმართ, ზედმეტად ანგარიშსწორებითაა გატაცებული

პოლიტოლოგი გია ნოდია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ევროპული ტურნეს შეფასებისას აცხადებს, რომ ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების ორ ყველაზე მაღალ თანამდებობის პირს შორის,  ფაქტიურად კონფლიქტი არსებობს და აღნიშნა, რომ ეს ვითარება საქართველოს იმიჯზე პოზიტიურად არ იმოქმედებდა.

ნოდიას განცხადებით, პრემიერმა არასასურველი გზავნილები მიიღო და გარკვეული ეჭვები გამოითქვა, რომ ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიმართ, ზედმეტად ანგარიშსწორებითაა გატაცებული.

„ძალიან სწორი გზავნილია, რომ პრემიერმა პირველივე  საერთაშორისო ვიზიტისთვის  ბრიუსელი შეარჩია.   ეს ძალიან კარგია, კარგია, რომ მას მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა, თუმცა,  რა თქმა უნდა,  მან საკმაოდ  არასასურველი გზავნილები მიიღო იმ თვალსაზრისით,  რომ გარკვეული შეშფოთება და  გარკვეული  ეჭვები არსებობს იმის თაობაზე, რომ ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიმართ,  ზედმეტად ანგარიშსწორებითაა გატაცებული. შესაბამისად,  მართალია,  საუბრობს სამართლიანობის აღდგენაზე, მაგრამ ეს უფრო შერჩევით სამართალს ჰგავს. ახალი ხელისუფლების მიმართ, მსგავსი  ეჭვი არსებობს და ეს საკმაოდ მკაფიოდ იქნა გამოთქმული“,- განაცხადა ნოდიამ.

შეკითხვის პასუხად, მაღალი რანგის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შემდეგ, რამდენად შეიცვლებოდა ახალი მთავრობისადმი მათდამი დამოკიდებულება, ნოდია აცხადებს, რომ მთავარი არის არა ის, თუ რას ეტყვიან ივანიშვილს სხვები, მთავარია, თვითონ რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა.

„მაღალჩინოსნებისგან მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ისინი ქვეყანაში განვითარებულ  მოვლენებს  ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან. ივანიშვილს ჯერ-ჯერობით რაღაც კარტბლანში არ აქვს,  მისი ქმედებების დემოკრატიულობის მიმართ,   გარკვეული ეჭვები არსებობს“, - განაცხადა ნოდიამ.

რაც შეეხება, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, ორხელისუფლებიანობასთან დაკავშირებით, ნოდია აცხადებს, რომ მან ვერ მიაკვლია ინგლისურად, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რა სიტყვა გამოიყენა სააკაშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ვიგულისხმებთ, რომ მან ორხელისუფლებიანობაზე ისაუბრა, ეს სწორი განსაზღვრება არაა.

„საქართველოში ორხელისუფლებიანობა არაა, მაგრამ არის ძალების რთული თანაარსებობა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. ეს დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმისა    და ამ ორივე ლიდერისთვის ტესტია. თანაარსებობა, ჯერ-ჯერობiთ ძალიან ცუდად მიმდინარეობს და დასავლეთის ლიდeრებსაც ეს აშფოთებთ“,-განაცხადა ნოდიამ.