სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს 60 პატიმარი დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროში დღეს ახალი შემადგენლობით პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე 250-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს, რომლებსაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ადგილობრივი საბჭოების მიერ წინა თვეებში უარი ეთქვათ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, პრიორიტეტი მიენიჭათ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე მსჯავრდებულებს, მათ შორის აივ ინფექციით და ტუბერკულოზით დაავადებულებს, ასევე პირებს, რომლებიც არ იყვნენ გასამართლებული ძალადობრივი დანაშაულისთვის და მსჯავრის სრულ მოხდამდე დარჩენილი ჰქონდათ 6 თვემდე. ამასთანავე, ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის განმეორებითი ჩადენის რისკები.
აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით დღეს 60 პატიმარი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, აქედან 2 არასრულწლოვანი და 5 ქალია. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებული მელორ ვაჩნაძე და თემურ ჟორჟოლიანი.