ფოთის პორტში სამუშაო პროცესი განახლდა

ფოთის პორტში სამუშაო პროცესი განახლდა

ფოთის პორტის გაფიცულმა  მუშა-მოსამსახურეებმა სახელფასო განაკვეთის 20%-იანი ზრდის პირობა მიიღეს. შესაბამისად, ისინი  სამუშაო ადგილებს  დაუბრუნდნენ.

პორტის მენეჯმენტსა და გაფიცულებს შორის ჩიხში შესულ მოლაპარაკებებში, გუშინ გვიან ღამით,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჩაერთო.

„კონკრეტული შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ პორტის თანამშრომლებს აუნაზღაურებენ გაფიცული დღეების საფასურს. ასევე, იქნება ხელფასების ზრდა 20%-ით, არა 1-ელი იანვრიდან, არამედ 1-ელი დეკემბრიდან. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით პორტის ახალ ხელმძღვანელობასთან, უახლოეს მომავალში პრემიერთან ახლად შექმნილი კომისიის ფარგლებში,  უფრო კონკრეტულად იქნება განხილული ეს საკითხები“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფოთის პორტში სამუშაო პროცესი, წუხელ, გვიან ღამითვე დაიწყო. ამ დროისთვის ყველა ბრიგადა სრული დატვირთვით მუშაობს.