საქართველოს პრეზიდენტი 13-14 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში და ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე.
ბრიუსელში ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან გამართავს შეხვედრებს.
მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალური მდივნის პირადი მოწვევით პრაღაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
პლენარულ სხდომაზე, რომელიც 12 ნოემბერს გაიმართება, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. პრაღაშივე 12 ნოემბერს იგეგმება მიხეილ სააკაშვილისა და ანდერს ფოგ რასმუსენის პირისპირ შეხვედრა.