მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, მთავრობა გარანტიას იძლევა, რომ ყველა სოციალურად დაუცველი პირი მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დახმარებას და კომპენსაციას მიიღებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
თადუმაძის თქმით, სოციალურ პირთა დაფინანსება მერიიდან მოხდება თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან, ამას მთავრობა გადაწყვეტს და მერიას აცნობებს.
რაც შეეხება თბილისის მერის ქმედებას მთავრობის დღევანდელს სხდომაზე, თადუმაძის განმარტებით, მთავრობის რეგლამენტი ითვალისწინებს იმ პირთა ნუსხას, რომელსაც უფლება აქვს მთავრობის სხდომას დაესწროს, აღნიშნულ ნუსხაში კი ქალაქის მერი მითითებული არ არის.
"შესაბამისად, უგულვასა არ ჰქონდა უფლება მთავრობის სხდომას დასწრებოდა, აქედან გამომდინარე იყო მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის სხდომა იმართებოდა და არც ერთი პირი, რომელსაც არ აქვს უფლება, დარბაზში არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ქალაქის მერმა გადაწყვიტა, დარჩენილიყო დარბაზში და მოეხდინა გარკვეული არეულობა, რა ფორმითაც მან თავისი პოზიციის დაფიქსირება და ძველი ტრადიციის გახსენება მოისურვა, რომ ის თურმე 15 წელია, ესწრებოდა მთავრობის სხდომებს. თუმცა მან მიიღო შესაბამისი მითითება პრემიერისგან, რომ ტრადიციები აღარ იქნება, აღარ იქნება უკანონობა და მთავრობა იმუშავებს იმ წესით, რომელიც კანონითაა დადგენილი", - განაცხადა თადუმაძემ.
თადუმაძის განაცხადებით, მთავრობას არ ჰქონდა ინფორმაცია ჰქონდა იმის შესახებ, რომ დედაქალაქის მერი მთავრობის სხდომაზე დასწრებას აპირებდა და, მისი თქმით, ამის შესაბამისი დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც იუწყებოდა, რომ გიგი უგულავა აპირებდა მთავრობის სხდომაზე დასწრებას.
თადუმაძის განცხადებით, თუ მთავრობა და პრემიერი ჩათვლის საჭიროდ, მერს მოიწვევენ სხდომაზე.
"ხოლო ის, რომ მას სურვილი აქვს და უნდა მიიღოს მონაწილეობა, ეს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული და ასეთი რამ არ მოხდება", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.