ექსპერტი გია ხუხაშვილი „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში დღეს მედიის შეკითხვებს პასუხობდა. მან ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტებთან, ივანიშვილისთვის დაბრუნებულ 80 მილიონთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ 20-მდე კითხვას უპასუხა.
მთავარი თემა, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებული მოვლენები იყო.
ხუხაშვილი პრეზიდენტის მიერ, ახალაიას შეწყალებას ნაკლებ რეალურად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ახალაიას მდიდარი ბიოგრაფიის სახელით, ის ისევ ციხეში აღმოჩნდება.
ხუხაშვილის თქმით, ახალაიას წინააღმდეგ არსებული ყველა საქმის გამოძიება დროს მოითხოვს და ამ პროცესს შესაძლოა წლებიც დასჭირდეს.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ბაჩო ახალაია, თუმცა შეწყალების შემთხვევაში, იმდენი მასალაა დაგროვილი, მე მგონი, მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე ცოცხალი ადგილი აღარ არის დარჩენილი. შეწყალების შემთხვევაში, როგორც კი გამოვა ციხიდან, შეიძლება ისევ უკან შეტრიალება მისი, ასე რომ ვთქვათ, სხვა ბრალდებებით. ეს კატა-თაგვობანას თამაში ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. ქართული სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ბაჩო ახალაიას ისევე, როგორც სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.