საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გოგა ხაჩიძის შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების - შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას, გენშტაბის უფროსის გიორგი კალანდაძისა და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარე უსუსურად გამოიყურებოდა.
ხაჩიძის განცხადებით, კარგი იქნებოდა სასამართლოს ეს პროცესი საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ენახა და აღნიშნავს, რომ სასამართლოზე კურიოზული ბრალდებები და ფაქტები დასახელდა .
"ერთი ვაშლის გათლის ეპიზოდი იყო ამოღებული, სხვა არაფერი . ბრალდების მხარე ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა. ამ შემთხვევაში , არ ვთვლი საჭიროდ და არც ვარ უფლებამოსილი სასამართლო გადაწყვეტილება გავაკრიტიკო, უფრო უკეთესად გარკვეული დროის შემდეგ შევაფასებ, თუმცა აღვნიშნავ, რომ არსებითი განხილვა გაცილებით საინტერესო იქნება და კარგი იქნება საზოგადოებას მისი ხილვის საშუალება თუ მიეცემა. ვფიქრობ, სასამართლო პროცესი ეთერში გასვლის თვალსაზრისით, გაცილებით გამჭვირვალე უნდა იყოს", - განაცხადა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ შს ყოფილ მინისტრს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას კი 20 -20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.