საია აჭარის ტელევიზიისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

საია აჭარის ტელევიზიისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის ტელევიზიისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის  მინიჭებას ითხოვს და აცხადებს, რომ ეს დღეისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

 „დღეისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულება  მაუწყებლობის ფუნქციას ასრულებს.

საკანონმდებლო აქტების ანალიზი კი ცხადყოფს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოსათვის მსგავსი ფუნქციის მინიჭება.  აჭარის ტელევიზიის აღნიშნული სტატუსი წინააღმდეგობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის  მე-2 პუნქტის ჩანაწერებთან, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო;

მიგვაჩნია, რომ  აჭარის ტელევიზიის სტატუსის განსაზღვრა დღეისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ზემოაღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მოხდეს აჭარის ტელევიზიის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. ჩვენი პოზიციით მნიშვნელოვანია, რომ  ტელევიზიას  მიენიჭოს  საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი“,-ნაჩვენებია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.