სასჯელაღსრულების რუსთავის #16 დაწესებულების პატიმრების დიდი ნაწილი ციხის ახლად დანიშნული დირექტორის ლევან აბურჯანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ლევან აბურჯანია ყოფილი პოლიციელია და აღნიშნეს, რომ ის პატიმრებს სპეცრაზმის შემოყვანით დაემუქრა.
„აბურჯანია სპეცრაზმის შემოყვანით დაგვემუქრა. მან გვითხრა, რომ ახალაიას მოგაგონებთო. ამბობდა, რომ დუბინკებსა და ცოცხებს არ ვიხმარ, მაგრამ ხალხს ხელით ვაწამებდიო“, - განაცხადეს პატიმრებმა.
პატიმრები აღნიშნავენ, რომ აბურჯანიას დანიშვნის შემდეგ დაიკეტა ციხის ეკლესია.
„ლოცვა თუ გინდათ, გარეთ გელოცათო, - ასე მოგვმართა. ასევე, გვითხრა, პირადად მინისტრთან მაქვს კავშირი და, რასაც მინდა, იმას ვიზამო“,- განაცხადეს პატიმრებმა.
პატიმრები ამბობენ, რომ გიორგი ტუღუშის მინისტრობისას ციხის დირექტორად დანიშნული კახა გიგოლაშვილი სიტუაციას ფლობდა და დაწესებულებაში იყო სრული სიმშვიდე.
„გიგოლაშვილის დირექტორობის დროს, ადამიანური ცხოვრების პირობები მოგვეცა, ახლა კი, მობილურზე დარეკვის შესაძლებლობა შეგვეზღუდა. გაგვითიშეს კოდით სარგებლობის უფლებაც. ასევე, ახალმა დირექტორმა დააბრუნა ის ოფიცრები და ადმინისტრაციის წევრები, რომლებიც ძველი ხელისუფლების პირობებში პატიმრებს ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და სასტიკად გვისწორდებოდნენ“, - აცხადებენ პატიმრები.
პატიმრების ინფორმაციით, გუშინ საღამოს მოხდა ინციდენტიც, რომლის დროსაც, ციხის ოფიცერ ქავთარაძეს ერთ-ერთ პატიმართან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა და ამის შემდეგ ორი მსჯავრდებული - თემურ ჩიჩუა და ვასილ დავლაშერიძე კარცერში გადაიყვანეს.
ამჟამად, კარცერიდან პატიმრების გამოშვების მოთხოვნით, ხუთი მსჯავრდებული შიმშილობს.