პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია, საქმეების ინტენსიურ განხილვას განახლებული შემადგენლობით იწყებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე, კომისია საქმეთა განხილვისას უპირატესობას მიანიჭებს სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, ხანდაზმულ და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირობით მსჯავრდებულებს, რომელთაც გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი აქვთ მოხდილი და პირობით მსჯავრდებულთა რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან.
როგორც გიორგაძემ განაცხადა, აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე პრობაციის ბიუროები არ გაწევენ შუამდგომლობას მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე პრობაციონერებს, რომლებიც განმეორებით არიან მსჯავრდებულები; პრობაციონერებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და პრობაციონერებს, რომლებიც საპრობაციო ვადის პერიოდში გამოირჩეოდნენ დადგენილი რეჟიმის უხეში და სისტემატიური დარღვევით.
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის თქმით, ახლო მომავალში, პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია დაახლოებით 1500 პრობაციონერის განცხადების განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას გეგმავს.
კომისიის შემადგენლობაში შედიან: სამინისტროს ცენტრალური აპარატის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.