სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით ციხეებში განტვირთვის პოლიტიკა გაგრძელდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ის არ დაუშვებს იმას, რომ ციხეებს კრიმინალები და ე.წ. ავტორიტეტები მმართავდნენ.
„ვისაც არ ეკუთვნის საპყრობილის რეჟიმი ყველა გადავა ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც გაცილებით უკეთესი პირობებია და უფრო მსუბუქი რეჟიმია. დღეიდან ამოქმედდება პრობაციის მოხსნის ეფექტური სისტემა, ავადმყოფების მაქსიმალური მკურნალობა მოხდება და ამაში ყველაფერში საზოგადოების დიდი ხელშეწყობა გვჭირდება“, - განაცხადა სუბარმა.
სუბარმა რუსთავის #16 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.
„არეულობის მცდელობა იყო რუსთავის მეთექვსმეტე დაწესებულებაში. ეს იყო გამოწვეული ე.წ. ავტორიტეტების მიერ, რომელთაც ძველი ხელისუფლება ვითომ ებრძოდა. არ დავუშვებთ, რომ ციხეს მართავდნენ ავტორიტეტები და კრიმინალები და ვინმემ ადმინისტრაციის ჩანაცვლება სცადოს“,- განაცხადა სუბარმა.
სუბარი აღნიშნავს, რომ მან ზუსტად იცის რას მოჰყვა არეულობა, თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერს ვერ გაახმაურებს.