ნოდარ ხადური: 2013 წლის ბიუჯეტში ყველა ის ძირითადი პრიორიტეტი იქნება გათვალისწინებული, რომელიც მთავრობას აქვს

ნოდარ ხადური: 2013 წლის ბიუჯეტში ყველა ის ძირითადი პრიორიტეტი იქნება გათვალისწინებული, რომელიც მთავრობას აქვს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტში სახსრები სერიოზულად გადანაწილდება და  ყველა იმ ვალდებულების შესრულებას მოხმარდება,  რომელზეც მთავრობა საუბრობს.

აღნიშნულის შესახებ,  ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ხადურის თქმით, რამდენიმე სამინისტროს აქვს გადახარჯვა და აღნიშნავს, რომ თანხების ნაწილი გახარჯულია არამიზნობრივად.

შესაბამისად, მისი თქმით ეს ინფორმაცია პროკურატურას გადაეგზავნება.

„ძალიან ბევრი ხარჯია, რომელიც გაწეულია არამხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამედ, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, რომელთა არამხოლოდ მიზნობრიობაა ეჭქვეშ არამედ,  იმ გადარიცხული თანხებით შესრულებული სამუშაოს რეალური ღირებულება. ძალიან ბევრი ასეთი თემაა. მათ შორის,  ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია, არ დაგიმალავთ და პარლამენტის შენობაც. მაგალითად,  ქუთაისში, პარლამენტის შენობა, რომელიც 340 მილიონზე მეტი დაჯდა, ეს შენობა პრაქტიკულად გამოუსადეგარია სამუშაოდ. ერთადერთი, რაც იქ კარგია ეს დარბაზია. შესაბამისად უნდა შევისწავლოთ,  რა დაჯდა ის შენობა, რატომაა ასე უხარისხო, როდესაც ამდენი თანხაა გადახდილი.  არაფერს ვამბობთ იმაზე,  რომ შენობაში  წვიმის კი არა ნებისმიერი ნამის დროს წყალი ჩადის“, - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, ხადურის თქმით, ამაზე მთავრობა მომავალ კვირას იმსჯელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ 2013 წლის ბიუჯეტში ყველა ის ძირითადი პრიორიტეტი იქნება გათვალისწინებული, რომელიც მთავრობას აქვს.

„ეს იქნება ჯანდაცვა, კერძოდ საყოველთაო დაზღვევა, ასევე პენსიების მოწესრიგება. მომავალ წელს დაიწყება პენსიების მიახლოება საარსებო მინიმუმთან. ეს ეხება ასევე განათლების სფეროს და გარდა ამისა, ბიუჯეტი გაზრდის სოფლის მეურნეობის დაფინანსებას, ალტერნატიული სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად“, - განაცხადა ხადურმა.

ხადურის განცხადებით ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 2013 წლისთვის 10% - ით შემცირდება, თუმცა ეს არ          შეეხება თანამშრომელთა და ხელფასების შემცირებას.

ამასთანავე ხადური თავის კოლეგებს მოუწოდებს, რომ ბიუჯეტის შემცირების ინიციატივით მათაც მიმართონ.