პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გია ცაგარეიშვილი პარლამენტის აპარატის ქუთაისში მუშაობას სახელმწიფოსთვის არარენტაბელურად მიიჩნევს.
როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხი არამხოლოდ დეპუტატებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც მტკივნეული თემაა და ბევრ სირთულეს უკავშირდება.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ფაქტობრივად მთელმა საქართველომ და ყველა სტრუქტურამ თბილისში მოიყარა თავი, რაც ქუთაისში პარლამენტის მუშაობას ართულებს.
„საკმაოდ რთულია მუშაობა ქუთაისში. მაგალითად, დავაპირე ექსპერტებთან, საზოგადოებასთან, დარგის სპეციალისტებთან ან მედიასთან შეხვედრა, როგორ უნდა განხორციელდეს ეს? ამიტომ, ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ ამ რეალობას. ამ რეალობის ხელოვნური შეცვლა მოიტანს უკუქმედებას, ეს კი არც თბილისს და არც ქუთაისს არ გამოადგება“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის ქუთაისში გადატანა შიშს უკავშირდება.
„სააკაშვილს შეეშინდა თბილისის, მიტინგების, მასობრივი მსვლელობების, ჟურნალისტების, რომლებიც ძალიან აქტიურები ხართ სწორედ აქ, დედაქალაქში“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ ქუთაისში მუშაობა მედიისთვისაც რთული იქნება, რადგან იგი დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
მან ქუთაისის პარლამენტის ხარჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ კომუნალურ გადასახადებში იქ ასი თასობისთ ლარი იხარჯება.
„გვინდა, გვქონდეს საკანონმდებლო დაწესებულება, რომელიც მხოლოდ კომუნალურ გადასახადებში ასიათასობით ლარს იხდის? გვერდით მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში წლების მანძილზე წყალი 8-დან 10-საათამდე მოდის. იქვე მდებარე პარლამენტის შენობაში კი ადამიანები განცხრომაში, ფუფუნებაში მოღვაწეობენ, ეს ხომ პარადოქსია, თანაც საშინელი, რომელსაც შევეფეთეთ“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, პირველადი გამოთვლებით, აღნიშნული შენობის მშენებლობაზე 340 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო კვლევა-ძიების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა მან 400 მლნ-ს გადააჭარბოს.
ცაგარეიშვილს მიაჩნია, რომ გაჭირვებული ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის 70%-ს სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, პარლამენტის შენობის მშენებლობაში ასეთი თანხის დახარჯვა, „გაუგონარი ამბავია“.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი ქუთაისში გადავიდა, ძველი შენობა ფაქტობრივად განადგურდა, რაც ცაგარეიშვილს გოთების მიერ რომის აღებას ახსენებს.
„როცა ჩვენ იქ გაგვისტუმრეს ბარბაროსებით შეესივნენ პარლამენტის ძველ შენობას, როგორც გოთებმა აიღეს რომი, დალეწეს და ყველაფერი მოსპეს. ეტყობა, მიხეილ სააკაშვილი გრძნობდა რომ არჩევნებს აგებდა“ -განაცხადა ცაგარეიშვილმა.