რუსული გაზის და ევროკავშირისგან კრედიტების მიღების მიზნით, ბელორუსიამ შესაძლებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხებს გადახედოს. ამის შესახებ განცხადებას ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი აკეთებს.
ბელორუსიის ეკონომიკა ამ დროისთვის სტაგნაციას განიცდის. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის წლის ბოლოს ბელორუსიას 200 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს, 2013 წელს კი შიდა კრედიტორებისთვის 3 მილიარდ დოლარზე მეტი. ლუკაშენკოს ორი გზა აქვს-ან დახმარება სთხოვოს პუტინს, ან გამოსავალი დასავლეთში ეძიოს.
ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ ის იმიტომ არ აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომ რუსეთმა მას ფინანსურად არ დაუჭირა მხარი, როდესაც ამერიკამ და ევროკავშირმა ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ „მას აბსოლუტურად არ ეხმარება ევროკავშირი“, მაშინ როდესაც ის მის მითითებას ასრულებს და ამ ორ რესპუბლიკას არ აღიარებს.
ახლაც, როგორც ჩანს ალექსანდრე ლუკაშენკო მორიგი ფინანსური კრიზისის დროს, ძველი კარტის გათამაშებას აპირებს.