თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კოკი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ჯაბა სამუშიას მოსაზრებას სამარშრუტო ტაქსების ტენდერის გადახედვასთან დაკავშირებით, საკრებულო არ იზიარებს.
იონათამიშვილის განცხადებით, ტენდერი საჯაროდ ჩატარდა და მასში საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. კომისიის წევრებს დღეს კითხვები კომპანიების მიერ შეთავაზებულ წინადადებებთან დაკავშირებით არ გასჩენიათ. კითხვები საკრებულოს უმრავლესობას არც იმაზე გასჩენია, ტენდერის გამარჯვებული ოთხი კომპანია შემდგომში ერთ კომპანიად რატომ ჩამოყალიბდა.
„, ტენდერის არც ერთი მოთხოვნა არ დარღვეულა. რაც შეეხება, თუ როგორ გადაჯგუფდნენ გამარჯვებული კომპანიები ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ამის უფლება მათ ჰქონდათ“,-აღნიშნა იონათამიშვილმა.
მან ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს 100-100-ლარიანი საწესდებო კაპიტალი ჰქონდათ, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში მათ 3 მილიონი ლარის საგარანტიო თანხა წარმოადგინეს, რაც ტენდერის მოთხოვნებით იყო გათვალისწინებული.
„ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" 18 თვის განმავლობაში ბიუჯეტში 20 000 000 ლარი შეიტანა იმ დროს, როდესაც დედაქალაქში მოქმედ სატრანსპორტო კომპანიებს ბიუჯეტში არაფერი არ შეჰქონდათ.
საკრებულოს უმრავლესობა მერიის მიერ 2011 წლის იანვარში ჩატარებული სატენდერო შედეგების გადახედვის მომხრე არ არის“,-აღნიშნა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ქრისტიან-დემოკრატმა“ ჯაბა სამუშიამ დღეს საკრებულოში საგანგებო ბრიფინგი გამართა და სამარშრუტო ტაქსების ტენდერი გადახედვა მოითხოვა, რადგან მისი განცხადებით, ის უსამართლოდ იყო ჩატარებული.