ლევან ჩიტაძე : მოვუწოდებ ივანიშვილს  ე.წ. ბიზნეს კარტელის წევრები არ აღმოჩნდნენ იმ გემში, რომელმა გემმაც ქვეყანა რეალურ დემოკრატიამდე უნდა გაიყვანოს

ლევან ჩიტაძე : მოვუწოდებ ივანიშვილს ე.წ. ბიზნეს კარტელის წევრები არ აღმოჩნდნენ იმ გემში, რომელმა გემმაც ქვეყანა რეალურ დემოკრატიამდე უნდა გაიყვანოს

მოძრაობა  „არას“  წარმომადგენლის ლევან ჩიტაძის განცხადებით,  ე.წ. ბიზნეს კარტელის 7 წევრი, რომელთაგანაც  5 ცნობილია: რეზო შარანგია, ხვიჩა მაქაცარია, ბუთა ელიავა, გია და ლევან ყარამანიშვილები პირადად სააკაშვილის დაქვემდებარებაში არიან და ისინი წლების   განმავლობაში აკონტროლებდნენ და  ბიზნესის წარმოებისა და ბიზნესის კეთების კუთხით  საქართველოში ექსკლუზიურ უფლებებს ფლობდნენ.

შესაბამისად, ჩიტაძე ხელისუფლებას და ქვეყნიერ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს,  ე.წ. ბიზნეს კარტელის წევრები არ აღმოჩნდნენ იმ გემში, რომელმა გემმაც ქვეყანა რეალურ დემოკრატიამდე და რეალურ სამართლიანობამდე უნდა გაიყვანოს.

აღნიშნულის შესახებ,  ჩიტაძემ დღეს For.ge - ს პრეს კლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„მინდა ხელისუფლებას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა და მოვუწოდო,  მე დარწმუნებული ვარ,  ერთის მხრივ, რომ ბატონი ივანიშვილი არ დაუშვებს არც ერთ შემთხვევაში,  ეს ადამიანები,  ეს შვიდეული  იმ გეგმში აღმოჩნდნენ,  რომელმა გეგმაც ქვეყანა რეალურ დემოკრატიამდე და რეალურ სამართლიანობამდე უნდა გაიყვანოს“, - განაცხადა ჩიტაძემ და აღნიშნა, რომ  მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ყარამანიშვილებს და შარანგიებს ხელისუფლებასთან დაახლოების სერიოზული მცდელობა აქვთ.

ჩიტაძის თქმით, მათ სურთ ხელისუფლებას თავი მოაჩვენონ უდანაშაულო ბიზნესმენებად, ერთი შეხედვით უწყინარ ადამიანებთან,  რომლებსაც არავისთვის არაფერი წაურთმევიათ, არაფერი დაუშავებიათ და არც მონოპოლიები ჰქონიათ.

„თუკი ვინმეს სახელმწიფომ ბიზნესის სერიოზული წილი წაართვა,  გადააფორმებინა, აჩუქებინა სხვაზე ან ვინმეზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რის შემდეგად, ამა თუ იმ ადამიანს  წაართვეს ქონება,  რეალურად ასეთი საქმეები  ამ დაჯგუფებას ეკუთვნის. ამ დაჯგუფების სათავეში კი, რეზო შარანგია იგივე დოდიკა დგას, რომელიც არსად არ ჩანს, არც საჯარო რეესტრში და არც სხვა კომპანიებში. ის  მხოლოდ ოფშორულ კომპანიებში ჩანს. რეალურად, ამ საკითხში  დოდიკა ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.  შემდეგ უკვე,  ხვიჩა მაქაცარია, ბუთა ელიავა, გია ყარამანიშვილი და ლევან ყარამანიშვილი მოდიან“, - განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, ის კომპანიები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი იყო,  როგორც რუსული კომპანიები,  სინამდვილეში  სწორედ, ამ კლანის მმართველობის ქვეშაა.

„იგივე „ბილაინი“, რომლის უდიდეს წილს  ეს ადამიანები ფლობენ, ამასთანავე „სოკარი“  ამ კომპანის 45%  ამ ხალხს ეკუთვნის, ტელეკომპანია „მზე“ ,  „რუსთავი 2“  ამ დაჯგუფების კუთვნილებაში იყო და რჩება,  კავკასუს ონლაინი, ახალი ქსელები,  ყვითელი სამარშუტო ტაქსები და  თბილის ტაქსო პარკი“, - განაცხადა ჩიტაძემ.

ჩიტაძე აღნიშნავს, რომ ამ რეალობაში, როდესაც საუბარი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნასა  და ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტების საკითხის გადახედვაზეა, პრობლემებს წავაწყდებით.

„თუ არ მოხდება კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც  გარკვეული შეზღუდვები დაწესდება ან აიკრძალება ოფშორული კომპანიების მიერ სტრატეგიული ობიექტების შესყიდვა,  ჩვენ მივალთ იგივე მონოპოლიებამდე, რომელიც ახლა გვხდება“, - განაცხადა ჩიტაძემ.