ლევან ჩიტაძე პრეზიდენტ სააკაშვილს კარტელური გარიგებების გზით გამდიდრებაში ადანაშაულებს

ლევან ჩიტაძე პრეზიდენტ სააკაშვილს კარტელური გარიგებების გზით გამდიდრებაში ადანაშაულებს

 ადამიანის უფლებათა დამცველი, მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს კარტელური გარიგებების გზით გამდიდრებაში ადანაშაულებს.

როგორც ჩიტაძემ for.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის გამდიდრების ერთ-ერთ ცენტრალურ წყაროს 7 ბიზნესმენისგან შემდგარი „ბიზნეს-კარტელი“ წარმოადგენს.

ჩიტაძის განცხადებით, დაჯგუფებას სათავეში უდგანან ბიზნესმენები - რეზო შარანგია, ხვიჩა მაქაცარია, ბუთა ელიავა, გია და ლევან ყარამანიშვილები.

დარჩენილი 2 ბიზნესმენის დასახელებისგან ლევან ჩიტაძემ თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მათი ბიზნეს-საქმიანობის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას პროკურატურას გადაუგზავნის.

ჩიტაძის განმარტებით, აღნიშნული პირების მიერ შექმნილი ბიზნეს-კარტელები საქართველოში ექსკლუზიურ უფლებებს ინარჩუნებენ და მონოპოლიები აქვთ შექმნილი ყველა სფეროში.

მისი განცხადებით, აღნიშნული პირები ფლობენ კომპანიებს - „სოკარი“, „კავკასუს ონლაინი“, „ბილაინი“, „ახალი ქსელები“, „თბილისის ტაქსოპარკი“, „რუსთავი 2“ და „მზე“.

გარდა ამისა, მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელის განცხადებით, დასახელებული ბიზნესმენები ფლობენ 48 სხვა კომპანიის წილებს, რომლებიც ოფშორულ ზონაში არიან რეგისტრირებული და მათი რეალური მმართველის ვინაობის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელია.

„ამ კომპანიებს, რომლებიც ოფშორულ ზონებში არიან რეგისტრირებული და საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ, დიდი მონოპოლიები აქვთ შექმნილი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ მონოპოლიები იყო დაწესებული ცალკე საწვავის ან ფარმაცევტულ ბაზარზე. სინამდვილეში ეს არის ერთი დიდი მონოპოლია, 7 პირისგან მართული სფერო და მათ მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს“ - განაცხადა ჩიტაძემ და დასძინა, რომ ამგვარი უკანონო შემოსავლებით, მიხეილ სააკაშვილი მილიარდერი გახდა და ამ გზით მიღებული ფულითვე ფინანსდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია.

ჩიტაძის განცხადებით, „ბიზნეს-კარტელებთან“ დაკავშირებით, მოპოვებულ ინფორმაციას პროკურატურას გადაუგზავნის, ხოლო აღნიშნული საქმის გამოძიებას, მისი სირთულიდან გამომდინარე, დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.