ახალი საპარლამენტო ფრაქციის - „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ლიპარტელიანი იქნება.
ფრაქციის რეგისტრაციის საკითხზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყდა, რომ ფრაქციის დარეგისტრირების მოთხოვნა ორშაბათის ბიუროს სხდომას წარედგინება.
ახალი ფრაქციის წევრები არიან - გიორგი გოზალიშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი, გოდერძი ბუკია, კახა ოქრიაშვილი და სერგო ხაბულიანი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფრაქციის წევრები, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარული სიით გახდნენ. თუმცა, მათ უმცირესობის რიგებში გაწევრიანებაზე უარი თქვეს და 21 ოქტომბერს პირველი პლენარული სხდომის გახსნაზე განაცხადეს, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებოდნენ. თავდაპირველად, უმცირესობას გოდერძი ბუკია, კახა ოქრიაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, სერგო ხაბულიანი და ენზელ მკოიანი გამოეყვნენ, მათ რიგებს კი, მიმდინარე კვირას, გიორგი გოზალიშვილი შეუერთდა.