პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეის ავტორი, დეპუტატი აკაკი ბობოხიძე საკომიტეტო მოსმენებს უკვე თავად აცდენს.
დღეს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე არ ესწრებოდა და ქვორუმის შევსების მიზნით, სხდომას ბობოხიძის ნაცვლად, უმცირესობის წევრი დავით ჭავჭანიძე დაესწრო.
როგორც from.ge-ის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინა იმერლიშვილმა განუცხადა, სხდომის გაცდენის შესახებ კომიტეტს ბობოხიძემ წერილობითი ფორმით მიმართა.
„აკაკი ბობოხიძე წყალტუბოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია და ის ამომრჩევლებს უნდა ხვდებოდეს, თუმცა, ამის ნაცვლად, ის თბილისშია. ყველამ კარგად იცის, რომ პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციის საგანი იყო“, - განაცხადა იმერლიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ აკაკი ბობოხიძემ სხდომის თავისთვის სასარგებლო დღეს ჩატარების მიზნით, კომიტეტს გასულ კვირასაც მიმართა და ნახევრად ხუმრობით, სხდომის ჩატარების კონკრეტული თარიღი დაასახელა, რაზეც უმრავლესობის წევრმა, ზურაბ ტყემელაძემ მას მიმართა - „აკაკი, აღარ გინდა ქუთაისში?“. ოპონენტის ამ მიმართვაზე კი, ბობოხიძეს მხოლოდ გაეღიმა.
ამასთან, ორშაბათის ბიუროს სხდომაზე, სადაც ზურაბ ტყემალაძე ახალი პარლამენტის მშენებლობის პროცესსა და ხარჯებზე საუბრობდა, აკაკი ბობოხიძემ „მოუცდელობის“ მოტივით, ბიუროს დასრულებამდე სხდომა რამდენიმე წუთით ადრე დატოვა, მათ შორის, სხდომა დატოვეს - ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ და უმცირესობის წევრმა, გოკა გაბაშვილმა, რის გამოც, ბიუროს უმცირესობის რიგებიდან მხოლოდ პეტრე ცისკარიშილი ესწრებოდა, ისიც დავით ბაქრაძის ნაცვლად.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა აკაკი ბობოხიძეს ეკუთვნის, ხოლო, ამ იდეის განმახორციელებელი უკვე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი გახდა.