საკრებულოს თავმჯდომარის „ქრისტიან-დემოკრატი“ მოადგილე ჯაბა სამუშიას განცხადებით, სამარშრუტო ტაქსებთან ჩატარებული ტენდერი უსამართლო და არაკანონიერი იყო და ის აუცილებლად უნდა გადაიხედოს.
„ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით ჩატარებული ტენდერი, რომლის სატენდერო კომისიის წევრიც მე გახლდით, ჩატარდა არაკანონიერად, მიკერძოებით და ვთვლი, რომ ხელისუფლებას თავისი ინტერესი გააჩნდა კონკრეტულად ამ ტენდერთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან, მიმაჩნია,რომ ეს ტენდერი უნდა გაუქმდეს. როგორ განვითარდება მოვლენები, ეს საერთო კონსესუსის საგანია. ყველა ერთად უნდა დავჯდეთ და შევიმუშაოთ ის უნივერსალური ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მოხდება ახალი ტენდერის ჩატარება, ან ძველი მეპატრონეების გამოვლენა. მთავარია, ამ ეტაპზე მიკერძოებული ტენდერი გადაიხედოს და აღსდგეს სამართლიანობა.
ძველი ხაზების მფლობელებთან და მათთვის სამარშრუტო ხაზების დაბრუნებასთან დაკავშირებით საქმე რთულადაა, რადგან აქ არის შიდა და ქვედა დინებები, რადგან იქ ერთ ხაზს რამდენიმე მფლობელი ჰყავს. ესეც გარკვეული მუშაობის შედეგად უნდა დადგინდეს“,-აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
რაც შეეხება, ფასების კლებას სამარშრუტო ტაქსების მგზავრობასთან დაკავშირებით, ჯაბა სამუშია თვლის,რომ ფასების კლება ტენდერში არსებული მუხლების მიხედვით, მთლიანად მონოპოლისტზეა დამოკიდებული.
„ბუნებრივია, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ თვითონ სატენდერო კომისიამ ისეთი მუხლები ჩადო, რომლის ფასწარმოქმნაც მთლიანად დამოკიდებულია თბილისის მიკროავტობუსზე, ფაქტობრივად მონოპოლისტზე. ამიტომ ვთვლი, რომ ყველაფერი ამ მიმართულებით არის გადასახედი და შესაცვლელი“,-აცხადებს სამუშია.
საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით ბრიფინგს დღეს საკრებულოში 12 საათზე გამართავს.