აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ აჭარის ახალი მთავრობის კანდიდატები დაასახელა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილია გიორგი თავართქილაძის კანდიდატურა, რომელიც ამჟამად "ვითიბი" ბანკის აჭარის ფილიალის დირექტორია. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თანამდებობას კი ნუგზარ სურმანიძე დაიკავებს, რომელიც ამავე სამინისტროში მუშაობს. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე გია თავამაიშვილია წარდგენილი, რომელიც აჭარაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს ხელმძღვანელობდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე კი „ფერმერთა სახლის“ მეპატრონე ზაურ ფუტკარაძეა დასახელებული.
აღნიშნულ შემადგენლობას არჩილ ხაბაძე აჭარის უმაღლეს საბჭოს დღეს წარუდგენს. მინისტრობის კანდიდატებს ხვალ 1 ნოემბერს დაამტკიცებენ.