გლდანის N8-ე საპყრობილიდან 145 პატიმარი თბილისის N12-ე შედარებით მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს .
ციხეში სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი იმყოფებოდა.
სუბარის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეტაპი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებულა.
„პატიმრების ეტაპირება, რომლებიც შედარებით მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და გლდანის საპყრობილე განიტვირთება. ამ დღეებში საპყრობილეებს რამდენიმე ასეული პატიმარი დატოვებს და მათ სხვადასხვა, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში გადაიყვანენ“, - განაცხადა სუბარმა.
სასჯელაღსრულების მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გლდანის საპყრობილეში 2600 პატიმარია, რომელთაც უკვე სასჯელი შეფარდებული აქვთ და მათი ნაწილის გადაყვანა სხვა საპატიმროებში შესაძლებელია.