უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, უმრავლესობისადმი მათ მიერ შეთავაზებული ინიციატივა, რომელიც დროებითი საგამოძიებო და დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა კანდიდატურების წარდგენას მხოლოდ უმცირესობიდან გულისხმობს, კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში ეწერა.
დარჩიაშვილის თქმით, ისინი უმრავლესობას მათ პროგრამაში არსებულ ინიციატივას ახსენებენ და აღნიშნავს, რომ სასურველი იქნება, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე კენჭის ყრაზე ოპოზიციის მხრიდან იქნას წარდგენილი.
შესაბამისად, დარჩიაშვილი ეთანხმება დღევანდელ უმრავლესობის წარმომადგენლებს და მიიჩნევს, რომ საჭიროა მაქსიმალურად დაბალანსება და ოპოზიციისთვის უფლებების მიცემა.
„ჩვენ დროს, რეგლამენტში ბევრი ცვლილება შევიდა, რაც ოპოზიციას დამატებით ბერკეტს აძლევდა, მაგრამ ახლა თუკი, დამატებით ბერკეტებზეა საუბარი, რატომაც არა. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა ჩვენი ინიციატივის გაზიარება, ვნახოთ, დაველოდოთ. ჩვენს ინიციატივას თუ არ გაიზიარებენ, მაშინ აღმოჩნდება, რომ მათ ასეთი ინიციატივები, თუკი ოპოზიციაში იქნებოდნენ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის სურდათ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეკითხვის პასუხად, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, დროებითი საგამოძიებო და დროებითი კომისიების შექმნის ძირითადი მიზანი ყოფილ უმრავლესობაში მყოფი პირებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება უნდა ყოფილიყო და ამ შემთხვევაში, უმცირესობის წარმომადგენლების პრეროგატივა რა არის, დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი უმრავლესობის საქმეების გამოძიება ვისაც სურს, მათ კანონის უზენაესობითა და უდანაშაულობის პრეზუმფციით უნდა იხელმძღვანელონ.
„და არა ისე, როგორც დღევანდელი უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი ყოველგვარი გამოძიების გარეშე, ხელაღებით, წარმოუდგენელ და წარმოსადგენ დანაშაულში ყოფილ ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს და განაჩენი წინასწარ აქვთ გამოტანილი. ჩემი აზრით, ეს არაა ობიექტურობა. მეორეც, ახალი ხელისუფლების ხელში მრავალმა ინსტიტუტმა შეიძლება იმუშავოს მათ შორის, პროკურატურამ და პარლამენტშიც თუ სურთ თვითონ ისხდნენ პროკურორებად, ესეც არაა სამართლიანი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
კითხვაზე კონკრეტულად, რის გამოძიებას აპირებს უმცირესობა დარჩიაშვილი განმარტავს, რომ დროებითი საგამოძიებო და დროებითი კომისიების შექმნის იდეა უმრავლესობას ეკუთვნის, შესაბამისად თავდაპირველად, ისინი მათგან მოისმენენ, თუ რის გამოძიებას აპირებენ.
„ჩვენ მოვისმენთ, თუ რისი გამოძიება სურთ, რადგან ასეთი კომისია დროებით და კონკრეტულ საკითხზე იქმნება. ბუნებრვია, ჩვენ ჩვენი საკითხების გამოძიება გვინდა, მაგრამ არ ვართ წინააღმდეგნი, თუკი პროცესი ობიექტურად იქნება წარმართული და ერთად გამოვიძიოთ. მაგრამ მთლიანობაში, ჩვენი, საპარლამენტო უმცირესობის ინტერესები თუ მთლიანად იქნა იგნორირებულნი და მათ გადაწყვიტეს თვითონ აწარმოონ გამოძიება, გასამართლება და განაჩენის გამოტანაც, ამას ბატონი უსუფაშვილის მიერ ნახსენებ ე.წ. პროცედურულ დემოკრატიასთან საერთო არაფერი ექნება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.