შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საკუთარი მოადგილეებად ლაშა ნაცვლიშვილი, ლევან იზორია, გელა ხვედელიძე, ალეკო ტაბატაძე და ალექსი ბატიაშვილი დაასახელა.
ლაშა ნაცვლიშვილი - 1990 წლიდან 1999 წლამდე საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 1999 წლიდან 2001 წლამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ თანამდებობაზე, ამ დროიდან 2003 წლამდე კი უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო. ამასთანავე, ის ორგზის მოწვევის პარლამენტის წევრი.
ლევან იზორია - 2002 წლიდან გერმანიაში სამართლის დოქტორი გახდა. 2004 წლიდან 2006 წლამდე კი პოლიციის აკადემიის რექტორად მუშაობდა. მის სახელს უკავშირდება საპატრულო პოლიციის წარმატებული პროექტი.
გელა ხვედელიძე - 1993 წლიდან 2004 წლამდე უშიშროების სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის შსს-ში, სასჯელაღსრულების სტრუქტურაში. ხვედელიძე ასევე პარლამენტის ერთგზის მოწვევის წევრიც იყო.
ალეკო ტაბატაძე - 1991 წლიდან 2008 წლამდე სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
ალექსი ბატიაშვილი - 1995 წლიდან 2004 წლამდე უშიშროების სტრუქტურებში მუშაობდა. ამ დროიდან 2008 წლამდე კი იუსტიციის სამინისტროში ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი იყო.
ღარიბაშვილმა თითოეული მათგანი მაღალ პროფესიონალად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი დაკისრებულ მოვალეობას სრულყოფილად შეასრულებენ.
„მე დარწმუნებული ვარ, წარმოდგენილი გუნდი იქნება ძალიან ეფექტური და იმ მთავარ პოლიტიკას, რომელიც სამინისტროსთვის განვსაზღვრეთ და რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე, კანონიერებასა და ჰუმანურობაზე განვახორციელებ წარმოდგენილ გუნდთან ერთად. ჩვენ ვართ ძალიან კარგი გუნდი, ძალიან შეკრული და მოხარული ვარ რომ მომეცა საშუალება ვიმუშაო ასეთ პროფესიონალებთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.