საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში 41-მა სოციალურად დაუცველმა ადამიანი შიმშილობა გამოაცხადა.
მოშიმშილეების განცხადებით, ისინი შიმშილობის გაგრძელებას მანამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებდება.
როგორც როზა გოგალიშვილი განმარტავს, ისინი ფართებით დაკმაყოფილებას და ახალი ხელისუფლებისგან მათი პრობლემებით დაუყოვნებლივ დაინტერესებას ითხოვენ.
„ამასთან, უკმაყოფილებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩვენთან შეხვედრისგან თავს იკავებს ჯანდაცვის ახალი მინისტრი დავით სერგეენკო. ჩვენ "ქართულ ოცნებაშიც" შევიტანეთ განცხადება, სადაც გვითხრეს, რომ არ შევჭრილიყავით არსად და გვემოქმედა კანონიერი გზით, თუმცა როგორც გამოჩნდა, ვინც შეიჭრა რომელიმე შენობაში, სწორედ იმათ ელაპარაკება ახალი მთავრობა", - განაცხადა როზა გოგალიშვილმა.
მისივე თქმით, თუ დღეს ან ხვალ არ მიიღეს ახალი მთავრობისგან კონკრეტული პასუხები, ისინი სხვა სოციალურად დაუცველების მსგავსად, შეიჭრებიან რომელიმე შენობაში.
მოშიმშილეებს ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ კედელზე პლაკატიც აქვთ გაკრული: "ნუ დაემგვანებით ძველ მთავრობას. ბატონო მინისტრო, მოგვხედეთ".