ყოველკვირეული ჟურნალი „ტაბულა

ყოველკვირეული ჟურნალი „ტაბულა" ყოველთვიური გახდება

ყოველკვირეული ჟურნალი „ტაბულა" ამიერიდან ყოველთვიური გახდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, პერიოდულობის ცვლილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჟურნალის თანამშრომლები მონაწილეობენ ახალი ტელევიზიის შექმნაში. მისი თქმით, ეს ტელევიზია „ტაბულას" მსგავსად,  სამოქალაქო ფონდმა დააფუძნა, ლიცენზია კი  ტელეკომპანია „საქართველოსგან" შეიძინა.

ამასთან, ჩერგოლეიშვილის თქმით, ტელეკომპანიის მაუწყებლობა დაიწყება კანონის შესაბამისად, 90 დღის ვადაში და ეს, სავარაუდოდ, მოხდება იანვრის შუა რიცხვებში.

რაც შეეხება ტელევიზიის ფორმატს, ჟურნალის რედაქტორის განმარტებით ის საინფორმაციო ხასიათის იქნება.

„მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იქნება კახა ბენდუქიძე. ჩვენ ვგეგმავთ, ვითანამშრომლოთ მთავრობის ყოფილ წევრებთან. კერძოდ ესენი იქნებიან - სერგი კაპანაძე, თამარ კოვზირიძე, ეკა ზღულაძე და ა.შ. მათთან თანამშრომლობას შევეცდებით იმ კუთხით, რომ ისინი იყვნენ სხვადასხვა თემატიკის კომენტატორები არხზე", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არსებობს  ტელეკომპანიის სახელის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც საბოლოოდ ფოკუს ჯგუფებთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდება.

თუმცა აუცილებლად იქნება შენარჩუნებული გარკვეული სახით ჟურნალ "ტაბულას" სახელი", - აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ცნობილია, რომ ტელეკომპანიის სიხშირე ფარავს თბილისს, ქუთაისს, გორს, სენაკს, ბათუმსა და საჩხერეს.