არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ბიზნესის“ ინიციატივით დღეიდან პროექტი „დააბრუნე“ დაიწყება. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, კავკასუს ონლაინის დამფუძნებელმა მამია სანადირაძემ დღეს For.ge-ის პრესკლუბში ჟურნალისტებს განუცხადა.
სანადირაძის განმარტებით, პროექტის მიზანი საკუთრების შელახული უფლებების აღდგენა და ყველა იმ ბიზნესმენთა უფლებების დაცვაა, რომელთაც ქონება და ბიზნესი უკანონოდ წაართვეს.
მისი თქმით, საკუთრების უფლება, რომელიც ადამიანის უმთავრეს უფლებას წარმოადგენს წინა ხელისუფლების მიერ, გაითელა და განადგურდა მაშინ, როცა ქართველ ბიზნესმენებს და ზოგადად ხალხს წაართვეს დიდი ქონება. ამიტომ სანადირაძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, ისეთი პროექტის ამოქმედებას, რომელიც უფლებების უმოკლეს ვადებში აღდგენას შეუწყობს ხელს.
„ამ ქონების დაბრუნება წართმევასთან შედარებით გაცილებით რთული და ხანგრძლივი პროცესია, რადგან კანონმდებლობა არ არის სათანადოდ მოქნილი. თუმცა სირთულეების მიუხედავად, ყველა ბიზნესმენის საქმის შესწავლის შედეგად, ჩვენ გამოვნახავთ გამოსავალსაც. მაგალითად, ჩამორთმევა ხდებოდა ერთიდაიგივე პირების მიერ, შემდეგ ერთიდაიგივე ნოტარიუსში მოწმდებოდა, 700 ბიზნესი როცა გაქვს ნაყიდი, დღეს კი მტკიცდება, რომ პატიოსანი მყიდველი ხარ, ეს სხვა თუ არაფერი, ეჭვის საფუძველს მაინც იძლევა. ამიტომ იურისტებთან კონსულტაციების საფუძველზე გადავწყვიტეთ, ყველა დაზარალებული ბიზნესმენი გავერთიანებულიყავით და საერთოდ ინტერესების დასაცავად ერთად გვებრძოლა“, - განაცხადა სანადირაძემ.
ბიზნესმენის განმარტებით, ამისათვის ამოქმედდება სპეციალური email – daabrune@gmail.com, რომლის საშუალებითაც დაზარალებულ ბიზნესმენებს პროექტის ინიციატორებთან დაკავშირება შეეძლებათ. მისი თქმით, ეს იმეილი საერთაშორისო google-ის სერვერზეა, რისი საშუალებითაც გამოგზავნილ ინფორმაციას ვერც ვერავინ გაიგებს და ვერც წაშლის.
ამასთან ის აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ანონსი გავიდა, საზღვარგარეთიდან უკვე რამდენიმე ბიზნესმენი დაუკავშირდა, რომლებმაც დიდი ენთუზიაზმი და პროექტში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვეს.
ასევე სანადირაძე ქართველ ბიზნესმენებსაც გააქტიურებისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, დაკონტაქტების შემდეგ ისინი თითოეულ დაზარალებულს შეეხმიანებიან. მომავალ კვირას კი მოხდება მათი შეკრება, სადაც პრობლემებს ერთობლივად განიხილავენ და სამართლიანობის აღდგენის გზებს დაისახავენ.
„ბიზნესმენთა შეხვედრის შედეგად გამოიკვეთება ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა და დარღვევა. დავგეგმავთ და შევიმუშავებთ ქონების დაცვის საერთო მექანიზმებს, მეთოდიკას, მოვახდენთ მის კოორდინირებას. ამის შემდეგ კი იმედი მაქვს ძალიან მალე დავიბრუნებთ დაკარგულ ქონებას და დაისჯება ყველა დამნაშავე პირი, რომლებიც მთავრობასთან ალიანსში ჩაგრავდა და ანადგურებდა კონკურენტებს“, - განაცხადა სანადირაძემ.
აქვე ბიზნესმენი აცხადებს, რომ ამისათვის სახელმწიფოს მზაობაც შეინიშნება. თუმცა აღნიშნა, რომ ეხლა ის დროა, როცა ყველა მოქალაქემ თავისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად თავად უნდა იბრძოლოს.
„თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ასეთი საქმეების რაოდენობა საკმაოდ ბევრია. ჩვენ შევეცდებით, მას ჩვენი რესურსებითაც დავეხმაროთ. თუ საჭირო იქნება იურისტებსაც კი დავაფინანსებთ, რათა შემუშავებული იქნას რაიმე შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებიც“, - აღნიშნა მან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ბიზნესის“ ინიციატივით დაწყებულ პროექტს სათავეში ადვოკატი ზვიად გელაშვილი ჩაუდგება.