სოზარ სუბარი: ჩემს უწყებაში  გაცილებით მძიმე სიტუაციაა, ვიდრე გარედან ჩანდა

სოზარ სუბარი: ჩემს უწყებაში გაცილებით მძიმე სიტუაციაა, ვიდრე გარედან ჩანდა

სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო და აღნიშნა, რომ მის უწყებაში იმაზე გაცილებით მძიმე სიტუაციაა, ვიდრე გარედან ჩანდა.

აღნიშნულის შესახებ, სუბარმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მერგო,  მაგრამ იმის წარმოდგენა, რაც რეალურად ხდება, გაცილებით ძნელი იყო. ვნახეთ,  ძალიან ბევრი კადრები,  ვიცოდით იქ არსებული კორუფციის შესახებაც,  თუმცა ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრა გვიხდება ერთდროულად. წამების ფაქტების გამოძიება გრძელვადიანი ამოცანა იქნება. რეჟიმის ცვლილებისას აღმოჩნდა, რომ პატიმრები მას აღარ ემორჩილებიან. ექიმებს პატიმრებთან ურთიერთობისას პრობლემები შეექმნათ და ა.შ. იმდენი პრობლემაა,  რომ ყველა ერთად უნდა გადაიჭრას, ერთ-ერთი, რაც დღეს დავიწყეთ,  ეს არის მერვე საპყრობილიდან პატიმრების გადანაწილება ,შედარებით მსუბუქი  რეჟიმის დაწესებულებებში. მერვე საპყრობილეში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა“,- განაცხადა სუბარმა.

სუბარის თქმით, ამ პრობლემების გადაჭრისთვის ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი, რაც განახორციელეს, მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პატიმრების შედარებით მსუბუქი რეჟიმის საპატიმრო ადგილებში გადაყვანაა.