უმცირესობა საგამოძიებო და დროებითი კომისიის თავმჯდომარეებად უმცირესობის წარმომადგენლების დანიშვნას ითხოვს

უმცირესობა საგამოძიებო და დროებითი კომისიის თავმჯდომარეებად უმცირესობის წარმომადგენლების დანიშვნას ითხოვს

საგამოძიებო და დროებით კომისიებთან დაკავშირებით,  საპარლამენტო უმცირესობა ახალი ინიციატივით გამოდის. ისინი საგამოძიებო და დროებითი კომისიების  თავმჯდომარეებად უმცირესობის წარმომადგენლების დანიშვნას ითხოვენ.

შესაბამისად ისინი პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.

პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, დროებით საგამოძიებო და დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა კანდიდატურების წარდგენა მხოლოდ უმცირესობის მხრიდან უნდა მოხდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო წინადადების განხილვას მიმდინარე კვირის განმავლობაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გეგმავს.

კანონპროექტის განხილვის სურვილი აქვს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტსაც.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად იქმნება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია: სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ,  რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს,  ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს უქმნის საფრთხეს; ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის,  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ; ასევე ინფორმაცია, რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რეგლამენტში ნათქვამია, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს. მისი თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

რაც შეეხება,  დროებით კომისიებთან დაკავშირებულ საკითხებს, ის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პრობლემებთან დაკავშირებული პეტიციის ან საჩივრის შესასწავლად და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესამოწმებლად იქმნება. დროებით საგამოძიებო კომისიის ანალოგიურად, დროებითი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.