მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი პროკურორებს საერთო სასამართლოებში საქმის არსებითი განხილვების ორი კვირით შეჩერებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კბილაშვილმა პროკურორებს მიმართა, მოსამართლეებთან იშუამდგომლონ და საერთო სასამართლოებში არსებითად განსახილველი საქმეები ორი კვირით შეაჩერონ.
„ეს ეხება განაჩენის გამოტანის დაუშვებლობას. მიზანი კი ის არის, რომ ჩვენ უკანონო განაჩენების გადასინჯვას ვაპირებთ. მსჯავრდებულს მიეცემა საშუალება, რომ განცხადების საფუძველზე მისი საქმე გადაისინჯოს. მიმდინარე რეჟიმში არ შეიძლება დამნაშავედ იცნოს პირი, რომლის წინააღმდეგ საქმის წარმოება 2-3 თვის წინ დაიწყო და იმავე ხელწერით ხასიათდება, რაც ჩვენს მიერ დაგმობილია. ერთი კვირა ჩვენ გვჭირდება პროკურატურის გასაახლებლად და შემდეგ უკვე, ახალი კადრები ხელახლა გადახედავენ ბრალდებებს და ან მოხსნიან, ან კიდევ წარმოებას გააგრძელებენ“, - განაცხადა კბილაშვილმა.
კბილაშვილის თქმით, ორკვირიანი ტაიმაუტი არ ეხება აღკვეთის ღონისძიებებს და იმ შემთხვევებს, როცა 9-თვიანი საპროცესო ვადა იწურება.