ფილიპ დიმიტროვი : საქართველოში მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილებისგან შორს არის

ფილიპ დიმიტროვი : საქართველოში მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილებისგან შორს არის

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი საქართველოს მედია-სივრცეს პოლარიზებულად აფასებს და აღნიშნავს , რომ მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილებისგან შორს არის.

როგორც დიმიტროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მედიამონიტორინგის პროექტი, რომელიც 11 მაისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ევროკავშირისა და გაერ-ოს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდებოდა, იყო წარმატებული და პოპულარული, რომელმაც გავლენა მოახდინა მედიის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე.

მისი განმარტებით, პროექტის განხორციელების თხოვნით ევროკავშირის წარმომადგენლობას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში მიმართეს, რის შედეგადაც მონიტორინგის ობიექტებს შორის გაჩნდა სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალებები .

ამასთან , დიმიტროვმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოში მედიაგარემოს გაუმჯობესების პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს.

"ამ პროექტმა გავლენა მოახდინა მედიის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე. დღეს მედია პოლარიზებულია . ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, თუმცა აქ ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია . ასევე, შესამჩნევია პოლიტიკური ვნებათაღელვაც , რაც ერთი თვალის დახამხამებაში ვერ შეიცვლება. ამ პროექტმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს საპრეზიდენტო არჩევნებზეც, რადგან პროექტი 2013 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მედიამონიტორინგის პროცესში ჩვენი მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო მედიასაშუალებების პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის, მედიამფლობელების გამჭვირვალობისა და  must carry-ის ის პრინციპის ხანგრძლივად დანერგვისთვის. საქართველოში მასმედიის მდგომარეობა შორს არის სრულყოფილებისგან, რეაგირებას მოითხოვს სარეკლამო ბაზარი, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლების პროფესიონალიზმი, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იარსებებს საქართველოში მოთხოვნა ამ ყველაფერზე. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ ვეცდებით, საქართველოში მედიაგარემო გაუმჯობესდეს", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.

ცნობისთვის , მედიამონიტორინგის პროექტი სახელწოდებით - " პროფესიული მედია არჩევნებისთვის" ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.